საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მისამართით.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ. მამუკა აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება, იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული.

„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია მათ სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, სოციალურად აქტიური ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, რომ სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართონ საქმიანობა. ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, საჯარო პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ოპონირება მოხდეს პროფესიული კრიტიკის ჩარჩოში და არ ისახავდეს მიზნად პირის დამცირებასა და შეურაცხყოფას მისი პიროვნული მახასიათებლის თუ დადგენილი საზიანო სტერეოტიპების საფუძველზე“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისაგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

Please follow and like us: