ნატო-სა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, როუზ გოტმიულერს საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება და მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში.

„დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ მიიღო ასევე რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც ასევე გახდება სამომავლო მიზანი.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატო-სთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატოს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

Please follow and like us: