გემოვნებაზე დავობენ თუ არა, ისიც სადავოა. დღეს ჩვენ ვართ ეპოქის წინაშე, რომელშიც ადამიანთა უმეტესობა იმაზე ზრუნავს, რომ კომფორტულად და თავისუფლად გამოიყურებოდეს. რაც ერთი შეხედვით ვიღაცისთვის გაუგებარი და მიუღებელია, სხვისთვის ჩვეულია და ბუნებრივი. ეს ადამიანები ერთ ეპოქაში თანაცხოვრობენ; თუმცა, ისინი საკუთარი ჩაცმულობითა და გარეგნობით განსხვავებულ დამოკიდებულებებს გამოხატავენ.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი პასუხობს.

ზოგადად, როგორ განმარტავს ფსიქოლოგია მოცემულობას – „განსხვავებული“?

“განსხვავებული” შეიძლება, იყოს როგორც კარგი, ასევე – ცუდი… სხვადასხვა კულტურაში ერთი და იგივე რამ განსხვავებულად აღიქმება, თუმცა აქ რადგან კითხვა ეხება იმიჯსა და ვიზუალს, ამ კუთხით ფსიქოლოგია ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ მოვლენას აღიქვამს ისე, როგორი გამოცდილების მატარებელიც თვითონ არის. თუ თქვენ მოგწონთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, წითელი ტუჩსაცხი, გამომწვევი ტანისამოსი, თქვენთვის, სავარაუდოდ, ცოტათი გამაღიზიანებელი იქნება ისეთი ადამიანის დანახვა, ვინც სპორტულ ფეხსაცმელს ატარებს, საერთოდ არ აქვს მაკიაჟი და 3 ზომით დიდი ტანისამოსი აცვია.

რა მიზეზების დასახელება შეიძლება, რის გამოც საზოგადოება უარყოფითად აღიქვამს განსხვავებულ იმიჯს, ვიზუალს?

პრობლემა პოლარულობაშია. მაღიზიანებს ის, რაც განსხვავებულია, ან მეც მინდა, რომ მასსავით განსხვავებულად გამოვიყურებოდე, მაგრამ არ გამომდის. ან მეც მასსავით ვიქცევ ყურადღებას, სხვა ფორმით….

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამ მხრივ, საქართველოში როგორი მდგომარეობაა?

ევროპულ ქვეყნებს თუ შევადარებთ თავს, აღმოვაჩენთ, რომ იქ უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ განსხვავებულის მიმართ, რადგან ზემოთ ხსენებული პრობლემები მათთვის კულტურულ და სოციალურ დონეზე მეტად აღმოფხვრილია, ვიდრე ჩვენთან, რასაც ხელს უწყობს: განათლების სისტემა, ფსიქოლოგის ყველა ოჯახისთვის ყოლის კულტურა და ნაკლები დრო იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ვიზუალზე იფიქრონ. საკუთარ ვიზუალზეც კი იმ პრინციპით ხელმძღვანელობენ, თუ “როგორ ვატარო უფრო მოსახერხებელი ტანისსამოსი ან ფეხსაცმელი”.

ტენდენცია როგორია – როგორ გრძნობენ თავს განსხვავებული იმიჯის მქონე ადამიანები სოციუმში?

ადამიანებმა, რომელთაც განსხვავებული იმიჯი აქვთ, საკმარისი გამბედაობა უკვე გამოიჩინეს ამის განსახორციელებლად და ვფიქრობ, სხვისი აზრი ნაკლებად აინტერესებთ.

დაბოლოს, რას შეიძლება, გამოხატავდეს ადამიანი თვალშისაცემი ვიზუალით?

განსხვავებული იმიჯის ქონა ნიშნავს, რომ “მე ჩემი წესებით ვცხოვრობ” და ეს ბუნებრივია, კარგია, თუმცა გააჩნია, რა ფორმით არის მოწოდებული ეს “განსხვავებულობა”. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს ქალზე, რომელიც დილის 6 საათზე ბაზარში მიდის ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი ტუჩსაცხით, ასეთი განსხვავებულობა ამბობს – “მომაქციეთ ყურადღება, მე ხომ ამდენი დრო დავხარჯე სარკესთან დგომაში”.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: