სულ რაღაც ერთი თვეა, რაც თბილისში ერთადერთი გასტროპაბი, GOYA გაიხსნა. ეს არის მასშტაბური ქსელი, რომელიც უკვე არსებობს დუბაიში, ლონდონსა და სხვა ქვეყნებში, ახლა უკვე თბილისშიც გაიხსნა და იგეგმება, რომ ავსტრალიაშიც იარსებოს. აქ კლიენტებს აქვთ საშუალება, დააგემოვნონ არაბული და ინდური სამზარეულო და, რაც განსაკუთრებულად საინტერესოა, სპეციალურად ჩამოსული შეფმზარეული ქართული სამზარეულოს ინტერპრეტირებას ახდენს; ანუ, მომხმარებლებს სთავაზობს ტრადიციულ ქართულ კერძებს განახლებული სახით. GOYA-ს სივრცეში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიირთავნ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, დააგემოვნონ დესერტები და საინტერესო კერძები.

უფრო ვრცლად, აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს GOYA-ს ადმინისტრატორი, შოთა შონია პასუხობს.

საქართველოსთვის რა მნიშვნელობისაა აღნიშნული ფაქტი?

მე, როგორც GOYA-ს, ამ ქსელის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ დონის სამზარეულო მე აქ, საქართველოში ჯერ არ მინახავს. ერთი მხრივ, არის შოუ და, პარალელურად, ძალიან გემრიელი და დახვეწილი სამზარეულო. ამას ყველა ერთი შეხედვით მიხვდება. ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს – როგორ ხდება გაფორმება, როგორ ხდება კერძების მიწოდება…

რით განსხვავდება თქვენი შეთავაზებები სხვებისგან?

პროდუქტის 20-30% ექსპორტირებულია – სუნელებით დაწყებული იმ მასალით დამთავრებული, რაც საქართველოში ფიზიკურად არ არის. ამიტომ არის გემო სხვებისგან გამორჩეული და როცა ჩვენთან მომხმარებელი შემოდის, გრძნობს, რომ აქ კერძები და პროდუქტები სხვებისგან განსხვავებულია.

როგორია თქვენ მიმართ დაინტერესება?

ჩვენ ჯერ ერთი თვის გახსნილები ვართ და ვერ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმია. გვაქვს დიდი პერსპექტივები. ძალიან გვინდა, რომ ბევრად წინ წავიდეთ.

ჩვენთან კლიენტს უარს არ ეუბნებიან. მაგალითად, რესტორნებში, როგორც წესი, როცა მომხმარებელს განსხვავებული, მისთვის სასურველი კერძის შეკვეთა სურს, ეუბნებიან, რომ მათი მენიუ ამ კონკრეტულ კერძს არ მოიცავს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მსგავსი შემთხვევები არასდროს გვქონდეს. გვაქვს იმის საშუალება, რომ მენიუში ახალი კერძი მაშინვე ჩავწეროთ და შევთავაზოთ მსურველს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: