კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში – KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 7 ოქტომბრის 09:00 საათიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/1513
საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის – მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეშვიდე წელია ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდებს. კემბრიჯის გამოცდებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.
კემბრიჯის გამოცდები ინგლისურ ენაში სრულ შესაბამისობაშია უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებთან და ის საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად.
კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ის წარმოადგენს, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა“. – ნათქვამია ინფორმაციაში.