თბილისი პატარა ქვეყნის კიდევ უფრო პატარა დედაქალაქია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში აუცილებლად არიან ადამიანები, რომლებიც მისით არიან დაინტერესებულები. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ მცირე ფართობის ქვეყანაში განსხვავდებიან ადამიანები, უბნები, განსხვავებულია შენობების სტილიც. საქართველოს დედაქალაქში კი ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულად იგრძნობა.
თბილისში ადამიანები ცხოვრობენ როგორც გარეუბნებში, ისე – ცენტრალურ ნაწილებში. ერთი დღეში, უფრო მეტიც – ერთ საათში შესაძლებელია, 2-3-სართულიანი სახლებიდან მრავალსართულიან, მინებიან შენობაში ამოყოთ თავი. ძველი თბილისის ტერიტორირია კი ერთდროულად აერთიანებს როგორც ყვითელაგურებიან შენობებს, ისე – ევროპულ, აზიურ და სხვა ტიპის ლოკაციებს ადგილობრივი კერძებითა და სუვენირებით.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ თბილისი არაერთი ეთნოსის წარმომადგენლით არის დასახლებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი სხვადასხვა კულტურისა და ისტორიის საცავია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის განსხვავებული მსოფლმხედველობა, ტრადიციები და იდეები თბილისს განსაკუთრებულად საინტერესო სივრცედ აქცევს – მიმზიდველი მოცემულობებით. აქ ჩამოსულ ადამიანს, რა ეროვნებისაც უნდა იყოს ის, აქვს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს საკუთარი ადგილობრივი და ეროვნული ინტერესები; ჰქონდეს კომუნიკაცია იმ ეთნოსის წარმომადგენელთან, რომელსაც ის მიეკუთვნება… აქ ყველა ადამიანს განსაკუთრებულად, თავისი ინტერესების შესაბამისად მასპინძლობენ.
ცხადია, თბილისი, უპირველესად, საკუთარ ისტორიას ინახავს. ამ პატარა სივრცეში იმდენი თეატრი, კინოთეატრი, მუზეუმია თავმოყრილი, რომ შეუძლებელია, რომ ადამიანმა რომელიმე მათგანს გვერდი აუაროს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მუზეუმები საქართველოს ისტორიასა და კულტურას უყრის თავს, აქ შესაძლებელია საბჭოთა პერიოდისთვის, ანტიკური პერიოდისა და იმ პერიოდების მახასიათებლების, მოცემულობების დათვალიერება და შეცნობა, რომელიც მისთვის სასურველია, საინტერესოა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი შენობები თანაბრად საინტერესოა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე – უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
ალბათ, განსაკუთრებულად საინტერესოა ის მოცემულობა, რომ პატარა საქართველოს პატარა დედაქალაქში ერთი ასაკის, ერთი და იმავე სქესის აბსოლუტურად განსხვავებულ წარმომადგენლებს შეხვდებით. თბილისში, ერთგან თუ შავებში ჩაცმულ ტინეიჯერს ნახავთ მეორე მხარეს რომ გაიხედოთ ისეთ ფერად და ბრჭყვიალა ახალგაზრდას დაინახავთ, რომ კონტრასტს მარტივად ვერც კი დაიჯერებთ. გარდა ჩაცმულობისა, განსხვავებულია მათი ხასიათი და დამოკიდებულებები.
იდეებისა და მსოფლმხედველობის ასეთი მრავალფეროვნება, ალბათ, დიდი ქალაქებისთვის თუ იქნება დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ არის საქართველო, თბილისი სამყაროსთვის საინტერესო – რთულია, ისეთ მოცემულობაში მოხვდე, რომელშიც მოიწყენ; რთულია, აქ ვერ ნახო ადამიანი, რომელთანაც საერთო ენას გამონახავ; წარმოუდგენელია, ვერ ნახო ისეთი გარემო, რომელიც შენს ინტერესებზე იქნება მორგებული.
ავტორი: მარიამ ტიელიძე