სულ ცოტა ხნის წინ, თავისუფალი თეატრის სცენამ მორიგ სპეკტაკლს უმასპინძლა – 2030“დასაკარგი არაფერი გვაქვს“. ის ავთო ვარსიმაშვილს ეკუთვნის და ორმოქმედებიანია. სპეკტაკლი რეალობის შესახებაა – ის, ერთი მხრივ, სიცილს გვრილ მაყურებელს და, ამ განწყობის პარალელურად, გაძლევს მიმართულებას, ცივი გონებით შეხედო ცხოვრებისეულ მოცემულობებს და ეხება შესაბამის აქცენტებს. უფრო ვრცლად, ზემოაღნიშნული სპეკტაკლის შესახებ „თბილისი თაიმსს“ თავისუფალი თეატრის დასისა და გრიბოედოვის თეატრის დასის წევრი, სპეკტაკლის 2030“დასაკარგი არაფერი გვაქვს“ მსახიობი, ლაშა გურგენიძე ესაუბრა.

„მგონია, რომ ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა იმიტომ, რომ ჟანრი არის კომედიური ანტიუტოპია. ამ სპეკტაკლში  ჩვენ გვაქვს მაქსიმალური თავისუფლება პერსონაჟის შექმნაში – პლასტიკა, ხმა… აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. ვფიქრობ, კიდევ იმიტომ არის საინტერესო, რომ, მართალია, ძალიან სასაცილო გამოვიდა, როგორც კომედია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მტკივნეულ და დღევანდელ დღეს აქტუალურ და ღირებულ თემებს ეხება.

ჟანრი და მასალა იძლევა იმის საშუალებას, რომ მაყურებელს სწორედ აქტუალურ თემებზე ვესაუბროთ. ჩვეულებრივ, მათზე საუბარი ძალიან რთული და მტკივნეულია, ამ ფორმით კი შედარებით მსუბუქად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძირითადი გზავნილები მაყურებლამდე მაინც მიდის.

ჩემი აზრით, ეს არის ისეთი სპეკტაკლი, რომლის ყურებისას მაყურებელი თან დაისვენებს და თან გარკვეულ საკითხებხე კიდევ უფრო მეტად დაფიქრდება. პრეზიდენტის როლს მამუკა მუმლაძე ასრულებს, მე პრემიერმინისტრის როლში ვარ. ანი ალადაშვილი თამაშობს პრეზიდენტის მდივნის როლს, შაკო მირიანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლის როლშია, ელიზბარ ზვიადაძე კი – პრეზიდენტის ძმის“.

ლაშა, როგორც ვიცით, სულ რამდენიმე დღის წინ გასტროლიდან დაბრუნდი. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?

დიახ, სულ ახლახან ჩამოვედი გასტროლიდან. ვიყავი უკრაინაში, ლვოვში, ლვოვის ფესტივალზე. ძალიან საინტერესო, კარგი და ძველი ქალაქია, რომელიც ავსტრიელების აშენებულია და მე ძალიან მიყვარს. ამ ფესტივალზე წაღებული გვქონდა სპეკტაკლი – „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. გრიბოედოვის თეატრისა  და თავისუფალი თეატრის წარმომადგენლები ვიყავით ერთად და თითო-თითო სპეკტაკლი ვითამაშეთ. აპლოდისმენტებით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელი კმაყოფილი იყო მიუხედავად იმისა, რომ რთულია ქართული ენის გაგება და ტიტრების კითხვა. ის ისეთი სპეკტაკლია, რომ ვერ მოიწყენ – არის ცეკვები, კონფლიქტები…

უახლოეს პერიოდში რას გეგმავ?

ახლა, ორ კვირაში რუსეთში მივდივარ გასტროლზე – გრიბოედოვის თეატრიდან. იქაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გველოდება. ხუთი ქალაქი გვაქვს და თითოეულ მათგანში ორ-ორი სპეკტაკლი უნდა ვითამაშოთ. ყოველ წელს, როდესაც ჩავდივართ, ძალიან თბილად გვხვდებიან, გველოდებიან და დარბაზი ყოველთვის გადატვირთულია. მე ვფიქრობ, რომ სპეკტაკლებით, იქ ჩასვლითა და ჩვენს მაყურებელთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რამდენად დიდი კულტურა გვაქვს ქართველებს – რომ გვაქვს უდიდესი ისტორია და ვართ ძალიან ნიჭიერები. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი მოტივაცია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: