უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მის დიპლომთან გაჩენილი კითხვების გამო გადადგომას არ აპირებს და არც საგამოძიებო კომისიის გამოძიებას დაელოდება. მისი თქმით, 18-წლიან კარიერას წყალში არ ჩაყრის იმის გამო, რომ რამდენიმე “არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო მის დიპლომზე ეჭვიანობს”.

“არსად გადადგომას არ ვაპირებ. არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს. მათ შორის, მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი…

რამდენიმე ან არაკვალიფიციური, ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა და მე აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და პირობები მაქვს გადატანილი, უნდა გადავდო და დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი?! ახლავე გეტყვით, რომ საგამოძიებო კომისია დიპლომის ნამდვილობას დაადასტურებს”, — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ამ დიპლომით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციასთან თანამშრომლობდა. მისი თქმით, ამავე დიპლომით მიიღო იურისტის ლიცენზია და ამავე დიპლომით ითანამშრომლა სახელმწიფო სტრუქტურებთანაც.

შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ამ საკითხზე საუბრობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია და ხელისუფლება. ამ საკითხზე მას კითხვა დღევანდელ კომიტეტის სხდომაზეც დაუსვეს. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

Please follow and like us: