რას ნიშნავს „ჭარბვალიანობა“ და რა იწვევს მას ჩვენს ქვეყანაში? მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი ყოველდღიური ხარჯები, უნდა თუ არ უნდა, უწევს, მიმართოს საბანკო სექტორს. ხშირად ისე ხდება, რომ მისთვის რთული და შეუძლებელიც კი ხდება, გაისტუმროს აღებული ვალი. დღეს ჩვენს ქვეყანაში სესხებისა და კრედიტების აღების პროცესი გაცილებით გართულებულია. აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“  „საზოგადოება და ბანკებისდამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.

ძირითადად, რა მიზეზები იწვევს ჭარბვალიანობას საქართველოს მოქალაქეებში?

ჭარბვალიანობის გამომწვევი მთავარი მიზეზი საქართველოში არის, სამწუხაროდ, სიღარიბე.საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დამატებითი თანხები იმისთვის, რომ, თუნდაც, თვიდან თვემდე გაიტანონ თავი. ეს იწვევს დამატებითი ვალდებულებების – სესხებისა და კრედიტების აღებას, რაც შემდეგ უკვე იმდენად დიდი რაოდენობით გროვდება, რომ მათი შემოსავალი ვერ წვდება მათსავე ხარჯებს და, პლუს, სასესხო ვალდებულებების გასტუმრებას. სწორედ სიღარიბეა ის, რაც იწვევს ჭარბვალიანობას ჩვენს ქვეყანაში – საქართველოში დღეს ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება, მივიჩნიოთ ჭარბვალიანად, ანუ ადამიანად, რომლის ხარჯიც აღემატება მის შემოსავალს.

რა ბერკეტით შეუძლია მოქალაქეს, ებრძოლოს ჭარბვალიანობას?

პირველ ყოვლისა, ადამიანიცა და სახელმწიფოც უნდა ებრძოლოს სიღარიბეს, რათა მათ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. ამაში, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი – მან უნდა შეძლოს და თვითონ მოახერხოს სიღარიბიდან ამოსვლა. მაგრამ ეს ადამიანები, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებენ ხელისუფლებას, მთავრობას. სწორედ მათ თხოვენ საარჩევნო დანაპირების შესრულებას. ხელისუფლებაც მათ ჰპირდება, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და ისინი თავს დააღწევენ სიღარიბეს. შესაბამისად, მოქალაქეებიც სწორედ ამ დანაპირების გამო სთხოვენ მთავრობას, რომ იზრუნოს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

საბანკო სექტორს რა როლი აქვს აღნიშნული პრობლემის პრევენციაში?

რა თქმა უნდა, მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ახლა უკვე ამუშავდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი ვერ გასცემს სესხს, თუკი სათანადოდ არ შეისწავლა მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო ისტორია… პრინციპში, ბანკები ამას აქამდეც აკეთებდნენ, თუმცა  მათ უკვე კატეგორიულად დაევალათ ეროვნული ბანკის მხრიდან, რომ ყველა შემოსავალი უნდა იყოს დადასტურებული, მათ შორის – თვითდასაქმებულებისაც.

ადრე, მაგალითად, ტაქსის მძღოლებს, რეპეტიტორებს, ძიძებს თუ ხელოსნებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება, არ ჰქონოდა ოფიციალურად გაფორმებული შემოსავალი (ანუ, რეალურად ჰქონდა, მაგრამ ვერ ადასტურებდა), მაინც შეეძლო სესხის მიღება. სამწუხაროდ, სესხის გაცემა მათთვისაც შეიზღუდა.

რა თქმა უნდა, ბანკი ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა უდგებოდეს იმ საკითხს, თუ ვისზე გასცემს სესხს, რათა შემდგომ არ შეექმნას პრობლემები როგორც თავად ბანკს, ისე – მსესხებელს და, საბოლოოდ, მთელს სისტემას და არ გაიზარდოს ჭარბვალიანი მომხმარებლების რაოდენობა.

Please follow and like us: