პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ბავშვის ავტომანქანით გადაყვანისას შესაძლოა სავალდებულო გახდეს სპეციალური სავარძლის გამოყენება.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.  აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ამბობს, აღნიშნულ დოკუმენტზე იურიდიულ საკითხთა კომისტეტთან ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

“ჩვენ თუ სტატისტიკას შევხედავთ, ორი წლის განმავლობაში ასეულობით ბავშმა მიიღო დაზიანება და ათეულობით დაიღუპა იმის გამო, რომ არ იყენებენ საბავშვო სავარძლებს. სავარძლები განსხვავდება ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით. სავარაუდოდ, რეგულაცია გავრცელდება დაახლოებით 12 წლამდე ბავშვებზე, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი”, – უთხრა ნეტგაზეთს ლალიაშვილმა.

როგორც ლალიაშვილი განმარტავს, სავარძლის ფორმა და ზომა ბავშვის სიმაღლესა და წონაზე იქნება დამოკიდებული:

“აქვე მინდა გამოვეხმაურო მშობლების წუხილს, რომ 10-12 წლის ბვშვი უკვე საკმაოდ დიდია და სავარძელში არ ჩაეტევა. აქ ყველაზე მთავარი არის ბავშვის სიმაღლე და წონა. სავარძლებზე ეს მინიშნებულია.  გააჩნია, რა სიმაღლისაა ბავშვი. ცოტა მოზრდილ ბავშვს სჭირდება უფრო მსუბუქი სავარძელი, პატარას და ახალშობილს კი, ზურგიანი სავარძელი” – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი.

წყარო: netgazeti.ge

Please follow and like us: