„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო რეფორმის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, კახა კალაძე და ქალაქის ხელმძღვანელობა განაგრძობს არაკომპეტენტური ნაბიჯების გადადგმას და სულ უფრო იხლართებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, რითაც ქალაქი და მოსახლეობა ზარალდება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ არაკომპეტენტურმა, არათანმიმდევრულმა სატრანსპორტო რეფორმამ და ქალაქის მერის სრულიად გაუაზრებელმა ნაბიჯებმა შედეგად სრული სატრანსპორტო კოლაფსი გამოიღო. გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და განსაკუთრებით მანქანით შეუძლებელია. ამ შედეგების წინასწარ დათვლა არ იყო რთული, ვინაიდან როგორც სახურავიდან არ შენდება სახლი, ასევე არ შეიძლება ტაქსების რეფორმით დაიწყო სატრანსპორტო რეფორმა.

ვხედავ, რომ კალაძე და ქალაქის ხელმძღვანელობა განაგრძობს არაკომპეტენტური ნაბიჯების გაღრმავებას და სულ უფრო იხლართებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, რითიც ზარალდება ქალაქი და მოსახლეობა. ამიტომ, მე ქალაქის მერს ვიწვევ დებატებში ნებისმიერ არხზე, მათ შორის სამთავრობო არხებზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი მომენატრა, არამედ იმისთვის, რომ ავუხსნა მას და მის არაკომპეტენტურ გარემოცვას რა პრობლემებიც წარმოქმნეს. მინდა ავუხსნა, რომ ეს გაუაზრებელი რეფორმა არის გასაჩერებელი და რეალურად სატრანსპორტო რეფორმა უნდა დაიწყოს მეტროს შესაძლებლობების გაძლიერებიდან, ავტობუსების დამატებით და ა. შ. “, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Please follow and like us: