ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ სერიოზულ ინვესტორს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა გაუჩნდეს.

როგორც თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ანაკლიის პორტი არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეტანილია ქვეყნის კონსტიტუციაში.

„აღნიშნული თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმის, რომ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტი. მსგავსი პროექტები ყველგან ხორციელდება მთავრობის მხარდაჭერის ფონზე და მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახა გამოხატული პროექტის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმ მაღალი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება, ვგულისხმობ საინვესტიციო გარემოს, გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობამ ამ პროექტის მიმართ სიტყვით, საქმით, ფინანსურად, პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საუბარია მთავრობის არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ იურიდიულ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

„ჩვენ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გვაქვს გაკეთებული ანაკლიის პროექტის მიმართ. უფრო მეტიც, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაშიც კი არის მოხსენიებული – ერთადერთი კომერციული პროექტია. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ კონკრეტულ ფინანსურ და იურიდიულ მხარდაჭერაზე, რომელიც უკვე გაღებულია ამ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან მაღალი აქტი და გამოხატულება მხარდაჭერის იყო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ კანონით და კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ ვახდენთ ამ კონტრაქტის მოშლას. ვაძლევთ დამატებით დროს წლის ბოლომდე ინვესტორს, რომ თავისი პრობლემები რამენაირად მოაგვაროს“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას შეფასებით, ასეთი მხარდაჭერა ყველა ინვესტორს დადებითად განაწყობს.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი მხარდაჭერა არის უპრეცედენტო და ეს ყველა სერიოზულ ინვესტორს განაწყობს დადებითად“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Please follow and like us: