საქართველომ პოლიტიკისა და რეფორმების განვითარების მხრივ, დიდ მიღწევებს მიაღწია, მაგრამ გამოწვევები, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიშშია აღწერილი, კანონმდებლობის განხორციელების მექანიზმს ეხება, – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიანი პროგრამის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” და ამ პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ლუიზა ვინტონის თქმით, “საქართველოს წინაშე დგას ამოცანა, რომ ის კანონები და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც იქნა მიღებული, ბოლომდე უნდა განხორციელდეს”. ვინტონმა მაგალითად მოიყვანა ლგბტ თემისთვის პრაიდის ჩატარებაში ხელის შეშლა მაშინ, როცა მათ ამის უფლება კანონმდებლოთ მინიჭებული აქვთ.

“ეს არის უკვე მეორე ანგარიში და ეს არის ძალიან კარგი, საბაზისო კვლევა, რომელიც დაეხმარება ქვეყანას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელიც ინდეტიფიცირებულია ანგარიშში. ანგარიშში განხილულია ის მიღწევები, რასაც მიაღწია საქართველომ საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ნახსენებია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, ბავშვთა უფლებების დაცვა, ახალგზარდების მართლმსაჯულება და ა.შ. ამ მხრივ, პოლიტიკისა და რეფორმების განვითარების მხრივ, საქართველომ დიდ მიღწევებს მიაღწია, მაგრამ გამოწვევები, რომლებიც არის აღწერილი, ეხება ამ კანონმდებლობის და კარგი პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. საქართველოს წინაშე დგას ამოცანა, რომ ის კანონები და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც იქნა მიღებული, ბოლომდე უნდა განხორციელდეს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო გასული წლის მაისისა და ივნისის მოვლენები, როდესაც ლგბტ თემმა ბოლომდე ვერ განახორციელა თავისი უფლებები და სერიოზული პრობლემები შეექმნათ გამოსვლებისა და დემონსტრაციების მოწყობის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ანტიდისკრიმაციულ კანონმდებლობაში ზუსტად არის გაწერილი, ეს მათი უფლება და კანონმდებლობის მიხედვით, მათ ეს პრობლემები არ უნდა წარმოშობოდათ”, – აღნიშნა ვინტონმა.

რაც შეეხება პირადი მონაცემების დაცვის საკითხს, ვინტონის თქმით, “ამ მიმართულებით დადებითი ძვრები აქვს საქართველოს”.

“უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული ინსტიტუციური, დადებითი ძვრები აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ჩამოყალიბება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მიღწევა, იმიტომ რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განვითარებაში ძალიან დიდი რესურსი იქნა ჩადებული როგორც ქვეყნის მიერ, ასევე მისი საერთაშორისო მეგობრების მიერ და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, რომელმაც ორი ფუნქცია შეითავსა, არის წინ გადადმული ნაბიჯი, განსაკუთრებით თუ ის შეძლებს, რომ ბოლომდე ხარისხიანად განახორციელოს მეორე ფუნქცია და გამოიძიოს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ახლა ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ რეფორმის განვითარებას და სწორედ ამ ანგარიშშიც მინიშნებულია, რომ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ჩამოყალიბდება, როგორც ეფექტიანი უწყება”, – აღნიშნა ვინტონმა.

რაც შეეხება მოსამართლეების შერჩევას, მისი თქმით, “შერჩევის პროცესი და განხილვა, რომელიც მიმდინარეობდა, იყო ძალიან გამჭვირვალე“. მისივე თქმით, როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტს, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, აქვს სრული ინფორმაცია თუ რასთან გვაქვს საქმე”.

Please follow and like us: