საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ გუნდი წარადგენს პროგრამას, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი და როგორ უნდა მიიღოს მოქალაქემ ხელფასი. ამის შესახებ ხაზარაძემ „მწვანე ქალაქი – ლისის“ ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გუნდის ახალ წევრები წარადგინა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, საქართველოს სჭირდება განვითარების კონკრეტული გეგმა და მის უკან პროფესიონალი ადამიანები.

„სწორედ მრავალფეროვანი და ნიჭიერი საქართველო გვჭირდება ჩვენ და რაც ღმერთმა მოგვცა – მრავალფეროვნება თითოეული კუთხის, მთის თუ ბარის, ზღვის თუ მდინარის, რაც უხვად გვაქვს და რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვუვლით, ამ ყველაფრის ერთად შეკრება უნდა მოხდეს, ეს კი მოხერხდება მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებით იდეის გარშემო, რომ შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ და წავიყვანოთ ის გამარჯვებისთვის. თუმცა, ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელოსავით, რომლის უკან არაფერი აღარ დგას. მეც დამიჭერია ჩემი თავი ამაში, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან საღამომდე შრომაში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა და მის უკან გვჭირდება პროფესიონალური გუნდი. სახელმწიფოს სჭირდება მუდმივად ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი ადამიანები – ეს იქნება სწორი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაიძრას და თქვას – მეც მინდა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის მშენებლობაში, მხოლოდ ფული კი არ გადმოვურიცხო ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რომელთაც აქ სამუშაო არ აქვს, არა, ჩამოვალ და ერთ-ორ სამუშაო ადგილს მეც შევქმნი. ჩვენ დავდებთ პროგრამას, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში უამრავი სამუშაო ადგილი, როგორ უნდა მიიღოს მოქალაქემ ხელფასი. ადამიანებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სახლში წაიღოს ხელფასი და ოჯახი გამოკვებოს, ჩააცვას, სახლი ააშენოს. ადამიანი უნდა იყოს მიზანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და სწრაფი ტემპით შევცვლით ამ ქვეყანას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. დღეს გუნდის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. ამ დროისთვის კი სულ ორგანიზაციაში 48 ადამიანია გაერთიანებული.

Please follow and like us: