სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთანი ისტორიულ–გეოგრაფიული კუთხეა. ის მრავალი ადამიანის  ინტერესს იწვევს მდებარეობით, შთამბეჭდავი ბუნებით და, რა თქმა უნდა, მისთვის დამახასიათებელი კოშკებით. სვანეთს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ისინი ეცნობიან ამ კუთხის კულტურასა და ცხოვრების წესს.

გიორგი ქოჩქიანი მურყმელში (კოშკების სოფელი) ცხოვრობს. ის 14 წლის გიდია, რომელიც ტურისტებს უშგულის გაცნობაში ეხმარება. მას არ უჭირს უცხოელებთან კომუნიკაცია, რადგან ფლობს 4 ენას.  გიორგის  ერთი წლის წინ მამუკა ბახტაძემ ,,მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ ბიჭის ისტორიას, რომელმაც უკვე ოთხი წელია იპოვნა საყვარელი საქმიანობა და აქტიურად უწყობს ხელს საკუთარი კუთხის პოპულარიზაციას.

გიორგი რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად გიდობა დაიწყე და რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით?

პირველად როდესაც გიდობა დავიწყე 10 წლის ვიყავი.  უცხოელების 5 – კაციანი ჯგუფი წავიყვანე შხარაზე. ჩემი ოჯახი ამ საქმითაა დაკავებული. პატარა რომ ვიყავი, მუდმივად მქონდა ინტერესი ექსკურსიების მიმართ. ჩემი ძმა ხშირად აწყობდა ტურებს და ამან უფრო განაპირობა ჩემი ინტერესიც.

მოგვიყევი შენი საქმის შესახებ, ძირითადად რისი კეთება გიწევს დღის განმავლობაში.

როდესაც ვიცი, რომ ტური უნდა გავმართო დილით ადრე ვდგები. ცხენებს ვკაზმავ და დიდი გზისთვის ვამზადებ. ცხენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შემდეგ მივდივარ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ტურისტია. ვესაუბრები ისტორიულ ძეგლებზე და ვაცნობ ამ კუთხეს, ვცდილობ დავაინტერესო. თანხმობის შემთხვევაში ვასეირნებ და გზადაგზა მთლიანად უშგულის ისტორიას ვუყვები.

საიდან გაქვს ისტორიული ინფორმაცია შენი სოფლისა და მთლიანად უშგულის შესახებ?

ყველაფერი წინაპრებიდან ვიცი. ბავშვობიდან მქონდა ინტერესი მცოდნოდა ჩემი კუთხის ისტორია. ამ ყველაფერში დიდი წვლილი ბაბუაჩემს მიუძღვის. ის საკმაოდ კარგად ერკვეოდა ამ საკითში და მთელი მისი ცოდნა მე გადმომცა, ასევე დედაჩემიც დამეხმარა. ახლა კი მე ვცდილობ ყველას გავაცნო ეს მხარე.

როგორც ვიცი კარგი მოსწავლე ხარ, როგორ ახერხებ სწავლა და მუშაობა ერთმანეთს შეუთავსო?

დროს ისე ვანაწილებ, რომ მუშაობისთვისაც მქონდეს  და სწავლისთვისაც, წიგნების კითხვა მიყვარს. ვცდილობ არა მარტო ქართულად, არამედ ინგლისურადაც წავიკითხო, რომ უფრო კარგად ვისწავლო ეს ენა. ჩემი გამორჩეული მწერალია ტომას მაინ რიდი. ვცდილობ უფრო მეტად არდადეგებზე ვიმუშაო, ვიდრე  სწავლის პროცესში, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ორი ხელს ერთმანეთს არ უშლის.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი შენ 4 ენას ფლობ, ვინ გეხმარება ენების  ათვისებაში?

ოთხივე ენა ჩემით ვისწავლე. თურქული – ტელევიზორის დახმარებით, ინგლისური და რუსული – სკოლიდან ავითვისე, ხოლო ებრაული – ტურისტებისგან.

როგორც უკვე აღნიშნე, გიდობით დიდი ხანია რაც დაკავებული ხარ,  უმეტესად რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობ ამ კუთხეს.

ძირითადად ებრაელებს. ფაქტობრივად, შემოდგომა ებრაელების სეზონია. ბუნებასთან ერთად მათ განსაკუთრებით ცხენით ჯირითობა მოსწონთ, რადგან ძალიან უყვართ სისწრაფე.

როგორც ვიცით, სვანეთში საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რამდენად რთულია ზამთარში მუშაობა და არის თუ არა კლიმატი ხელის შემშლელი ფაქტორი შენთვის?

ზამთარში მუშაობა ძალიან ძნელია. მე ძირითადად ვცდილობ ეგ პერიოდი მხოლოდ სწავლას დავუთმო. უბრალოდ ზოგჯერ მაინც ჭირდებათ ჩემი ცხენებით დახმარება და მხოლოდ მაგ კუთხით თუ ჩავერთვები ხოლმე მუშაობაში.

ხარ თუ არა კმაყოფილი ამ პროფესიით და გიდობის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?

კი ძალიან  კმაყოფილი ვარ. მიყვარს ტურისტებთან ურთიერთობა, თუ როგორ ვაცნობ მათ ჩემს სოფელს და როგორ ვეხმარები უკეთესად გართობაში. მინდა ყველასთვის დასამახსოვრებელი გახდეს სვანეთი. გარდა ამისა, ჩემს ოჯახს ვეხმარები სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენთან, ძირითადად, კარტოფილი მოდის, მე კიდევ მას ვიღებ და ზამთრისთვის ვინახავ.

რა არის შენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მინდა გავხდე დაცვის პოლიციელი. ჩვენმა წინაპრებმა ბევრი იშრომეს, რომ ამ ყველაფერს ჩვენამდე მოეღწია. სვანურ ისტორიებს, ძეგლებს, ძველ ნივთებს მოვლა და გაფრთხილება ჭირდება, ეს კიდევ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.  სწორედ ამიტომ მინდა ეს პროფესია ავირჩიო და გადავცე შემდეგ თაობებს ჩვენი ისტორია.

 ავტორი: თაკო ღლონტი

Please follow and like us: