საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ – ეს ის საკითხებია, რომელზეც ქეთევან ციხელაშვილი ისაუბრებს.

„არ უნდა გავაჩეროთ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოს საქართველოში ჩვენი შიდა პროვოკატორის მიერ, არ უნდა გავაჩეროთ ის სტრატეგია, რაც გვაქვს. უნდა განვიხილოთ ყველა მიმართულება, რასაც ჰქვია რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების ყურადღების მიქცევა, თუ რა ბოროტებას სჩადის მისი ხელისუფლება, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება, რუსებთან იქნება, აფხაზებთან თუ ოსებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ეს არის ჩვენი ამოცანა, სწორი გეგმა. ამ გეგმას მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ცივილიზებული სამყარო. ამ თემასთან დაკავშირებით რა ეტაპზეა, რას ვაკეთებთ, რას ვგეგმავთ, უნდა მოგვიყვეს დღეს ქეთევან ციხელაშვილმა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ოპოზიციას ძირითადი კითხვები სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ექნებათ.

„რა თქმა უნდა, ამ ფონზე ძალიან ბევრი კითხვა იქნება არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორია მთავრობის ხედვა, რა ნაბიჯები იდგმება, სად არის ყველაზე სუსტი წერტილები და სად არის საჭიროება ყველაზე მეტის გაკეთების. საქართველოს საკითხი პრაქტიკულად ყველგან უნდა ჟღერდებოდეს, სადაც კი შეიძლება, უკრაინის დონბასის საკითხთან ერთად. ასევე მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა მშვიდობიანი გზებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვაჭრობის საკითხები იქნება თუ კულტურული ურთიერთობების, იმ ვითარებაში, როდესაც ხდება ასეთი მასშტაბური ბორდერიზაცია, ძალიან ძნელს ხდის სხვა პროცესების წარმართვას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

Please follow and like us: