მოგზაურობა ყოველთვის დიდ ხარჯთან ასოცირდება, თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო, კვება, ექსკურსიები-არაერთი საფიქრალი და ამიტომ უმრავლესობისთვის ისევ სადმე ახლოს წასვლა და იქ დასვენება სჯობს, თუმცა რა შეედრება იმ გრძნობას, როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ, ეცნობი განსხვავებული ცხოვრების სტილს, ტრადიციებს, კულტურას და ხალხს, იკვლევ ახალ გარემოს, როგორ არ უნდა განიცადოს ადამიანმა ეს? ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო გოგო, რომლისთვისაც ეს გრძნობა ნაცნობია, ალბათ ყველასთვის თუ არა უმრავლესობისთვის ცნობილია ფეისბუქ გვერდი Mirandukhti/Traveler, სადაც არაერთი ისტორიაა მირანდუხტის მოგზაურობის შესახებ, ის ძირითადად „ავტოსტოპით“ მოგზაურობს. “თბილისი თაიმსს” მირანდუხტი საკუთარი მოგზაურობის შესახებ უყვება.

მოუყევით მკითხველს თქვენ შესახებ

მე ვარ მირანდუხტ დავითულიანი 26 წლის. დავიბადე და გავიზარდე რაჭაში. ტრადიციულად, სკოლის დამთავრების შემდეგ  განათლება მივიღე ქალაქში, დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის განხრით.
სტუდენტობის პერიოდში ბევრს დავხეტიალობდით ავტოსტოპით საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს ტყუპთან და მის მეუღლესთან ერთად გადავწყვიტეთ რაჭაში დაბრუნება და ჩვენი საქმის წამოწყება. უამრავი შრომის ხარჯზე შედეგსაც მივაღწიეთ და დღეს შეიძლება ითქვას „ბიზნესვუმენი“ ვარ, თანადამფუძნებელი სახელად ჰოსტელ “გარემოსი”.

როგორც ცნობილია ბევრს მოგზაურობთ, გაიხსენეთ თქვენი პირველი მოგზაურობა.

როგორც ასეთი სამოგზაუროდ პირველად მალაიზიაში წავედი, ძალიან მიზიდავს ეგზოტიკური ქვეყნები და ტროპიკული სამყარო, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, მანამდე ვიყავი საქართველოს ქალთა ფეხბურთის 19 წლამდე ნაკრების, ევროპის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევზე, რაც საოცარი გამოწვევა იყო ჩემთვის.

რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა?

არ არსებობს მოგზაურობა, რომელიც საოცნებო და დასამახსოვრებელი არ ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გამოვარჩევდი მალდივის კუნძულებზე მოგზაურობას, სადაც აწ უკვე ჩემმა მეუღლემ სიურპრიზად წამიყვანა და ხელი წყალქვეშ, თევზებისა და უდიდესი წყალქვეშა სამყაროს “თანდასწრებით” მთხოვა.
ემოცია? ემოცია  იყო ისეთი, რომელიც შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე!
ეს იყო უბრალოდ საოცრება პირადად ჩემთვის.
თავად მალდივები ხომ სრული ზღაპარია!

როგორ გეგმავთ მოგზაურობას, რამე სირთულეებს თუ აწყდებით?

უმეტესად მე და ჩემი მეუღლე ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, უკვე საკმაოდ ბევრი გამოცდილება გვაქვს და საბედნიეროდ ჯერჯერობით სირთულეებს არ შევხვედრივართ.

ძალიან შორს ყოფილხართ ავტოსტოპით, აზერბაიჯანში და კაბადოკიაშიც, რა რჩევას მისცემდით ხალხს, ვინც ავტოსტოპით გეგმავს გამგზავრებას?

უჰ, „ავტოსტოპით“ მოგზაურობა ეს სხვა თავგადასავალია! ვერ შეადარებ ვერცერთ სხვა მოგზაურობას, რადგან „ავტოსტოპით“ მოგზაურობის დროს შენ გზადაგზა ეცნობი ახალ ქვეყანას, მის კულტურას, ხალხის მენტალიტეტს, დამოკიდებულებებს, ფაქტობრივად ყოველ ახალ  მანქანაში გადაჯდომა ახალ გიდთან შეხვედრას გულისხმობს, რომელიც უამრავ საინტერესო ამბავს გიყვება.
„ავტოსტოპით“ მოგზაურობას თუ გადაწყვეტ აუცილებლად უნდა იყო ფერადად შემოსილი, რადგან დანახვისთანავე პოზიტივი უჩნდებათ შენს მიმართ და ადვილად გიჩერებენ, თუ რაიმე საეჭვო იგრძენი აუღელვებლად, შიშის გარეშე უნდა გააჩერო მანქანა და შემდეგს მშვიდადვე დაელოდო.
საოცარი შთაბეჭდილებებით მახსენდება აზერბაიჯანშიც, ტაო-კლარჯეთშიც და კაბადოკიაში მოგზაურობაც.
ყველგან უდიდესი ყურადღება, პატივისცემა და სიყვარული ვიგრძენი.

არის რამე კონკრეტული ადგილი, რომლის მონახულებასაც ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

საქართველო! იცით რამდენი საოცარი ადგილი გვაქვს საქართველოში? აი სუნთქვას რომ შეგიკრავს ბედნიერებისგან აი ისეთები!
ერთმა მითხრა, საქართველოში არსად არ ვარ ნამყოფი, არ მაინტერესებს, მაგრამ უცხოეთში ყველგან დავდივარო.ძალიან დამწყდა გული!
უბრალოდ მან არ იცის რა საოცრებები გვაქვს სანახავი!
ვფიქრობ, მოგზაურობა, საკუთარი ქვეყნიდან უნდა დაიწყო.

რას გრძნობთ სხვადასხვა ადგილის დათვალიერების შემდეგ და რითია თითოეული მოგზაურობა დასამახსოვრებელი?

ვგრძნობ, რომ უფრო და უფრო მეტად “ვიზრდები”, ვსწავლობ უამრავი კულტურის შესახებ, ვითვისებ უამრავი სხვადასხვა ქვეყნის კარგ დამოკიდებულებებს… მოკლედ მოგზაურობაც ხომ იგივე წიგნია, წიგნი, რომელშიც განუსაზღვრელად შეგიძლია განათლდე.
რა თქმა უნდა, თითოეული მოგზაურობა დასამახსოვრებელია, როცა აღმოჩნდები სრულიად ახალ “სამყაროში”, ახალი კულტურითა და დამოკიდებულებებით გაჟღენთილში.

რა გეგმები გაქვთ მომავალში, რომელი ქალაქების მონახულება გსურთ?

ქალაქების არა, მაგრამ მსოფლიოს შემოვლა კი მაქვს გეგმაში მეუღლესთან ერთად და იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!

ავტორი: სოფო გიორგაძე

Please follow and like us: