ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანაკლიის პროექტს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ კერძო ინვესტორის გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს პროქტი ჩაფიქრებულია, როგორც კერძო საჯარო პარტნიორობა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ “ანაკლიის პორტის პროექტი ზედმეტად დაგვიანებულია”.

მინისტრის განმარტებით, მან მოახდინა ფაქტის კონსტატაცია. მისი თქმით, დღევანელი დისკუსიებიც ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, ზოგადად, შავი ზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

“რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ანაკლიის პორტი გვიანდება და ფაქტია, რომ 2017 წლიდან გვიანდება, ზიანს აყენებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად აბრეშუმის გზის არეალის ქვეყნებს, ჩვენი ევრაზიული კორიდორის ქვეყნებს, იმიტომ, რომ ეს იყო განხილივის ერთ-ერთი საგანი. ყველამ აღნიშნა,რამდენად მნიშვნელოვანია ამ პორტის განვითარება და პირველ რიგში ჩვენ აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ამ პროქტის ყველა მონაწილემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ პროექტი დროულად დაიწყოს. ის,რომ პროექტი 2017 წლიდან გვიანდება, სამწუხარო ფაქტია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გვიანდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება.

“ჩემი აზრით, პირველ რიგში, იმიტომ გვიანდება, რომ ობიექტურად უნდა ითქვას – პროექტი არ არის მარტივი. ეს არის ახალი პორტი, რომელიც შენდება ცარიელ ადგილას. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდა მის სტრუქტურიზაციას, მაგრამ უკვე შემდეგ, ძირითადად, გვიანდებოდა კერძო ინვესტორის მიერ თავისი ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად ვერ შესრულების გამო. ამიტომაც კერძო ინვესტორის მომართვის საფუძველზე ექვსჯერ გადაწია მთავრობამ პროექტის დასრულების ვადები. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია. ინვესტორმა მოგვმართა ჩვენ ექვსჯერ, ბოლოს, სულ ახლახანს და მოითხოვა ვადების გადაწევა. ცხადია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტს მხარი დავუჭიროთ,მაგრამ კერძო ინვესტორის გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა თურნავამ.

Please follow and like us: