საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება.
„2020 წლისთვის ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მსოფლიო ბრენდების 78% გეგმავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომაც უნდა დაიწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარება და გამოავლინოს ეკონომიკის ის დარგები და სეგმენტი, რომელშიც ამ მიმართულებით ტექნოლოგიური განვითარებაა საჭირო“, – ამბობს ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციის დირექტორი მარიამ მინაძე.
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციები უამრავ სფეროში, მათ შორის ჯანდაცვაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და უსაფრთხოებაში გამოიყენება.
ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს პროგრამა Digital Mind-ი, რომელიც კომპანიებს ბაზრების ეფექტიანად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩემი პროექტი ბაზრის კვლევის თემას ეფუძნება. პროგრამას შეუძლია დოკუმენტებიდან და ვებგვერდებიდან ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია ამოიღოს, როდესაც კომპანიას ბაზრის ანალიზი სჭირდება, ამ მიზნით ადამიანის გამოყენება კი გაცილებით არაეფექტური იქნება“, – ამბობს Digital Mind-ის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი.