ქალაქ თბილისის ისტორიული შენობები ინახავს უამრავ გაუხმაურებელ ამბავს, ისტორიასა თუ სტუმარს. განსაკუთრებით საინტერესოა სასტუმროები, სადაც გამოჩენილი პირები სახლდებოდნენ და იწყებდნენ ქალაქის იერსახის, მასპინძლობისა თუ მისი ისტორიის აღწერას. XIX საუკუნის თბილისში, დიდ ყურადღებას იქცევდა სასტუმრო „ ლონდონი „სადაც მოგზაურების უმეტესობა ჩერდებოდა. სასტუმროში სხვადასხვა დროს სახლობდნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ინდოეთის ვიცე-მეფე – ჯორჯ ნათალიენ კერზონი, ნობელის პრემიის ლაურეატი – კნუტ ჰამსუნი. ამერიკელ მეცნიერ უილიამ ჯეკსონს ჩანაწერიც კი გაუკეთებია სადაც წერს, „ ლონდონი – ერთ-ერთი ბოლო ადგილი დასავლურ კომფორტთან დასამშვიდობებლად, სპარსეთში შესვლამდე“ .
„ლონდონი“ 1875 წელს მადათოვის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31) გაიხსნა. ის ეკუთვნოდა ალექსანდრე ზუბალაშვილს, შემდეგ მის ძმა – კონსტანტინეს და მისი გარდაცვალების შემდეგ (1901 ) მის ვაჟს – პეტრეს მემკვიდრეობით.
შენობა იქცევდა დიდ ყურადღებას მისი ადგილმდებარეობისა და ინტერიერის გამო.
საბჭოთა კავშირის დროს, სახლის მარჯვენა ნაწილი დაინგრა.„ლონდონის“ შენობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი სადარბაზო და კიბე. ისინი უცვლელად არის წარმოდგენილი, თუმცა უდიერი მოპყრობისგან ბევრგან დაზიანებულია.
ეზო, ახლო – მახლოს დეკორატიულ ბაღი, თბილისურ აივნები სასტუმროს სართულებზე. „ლონდონი“ სწრაფად ითვისებდა სიახლეებს. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც არსებობდა ელექტროგანათება, ავტოსადგომი, სხვადასხა ენებზე მოსაუბრე პერსონალი. იმ პერიოდითვის, სასტუმრო კავკასიაში მოწინავე პოზიციას იკავებდა. ინგლისელი მოგზაური ჰარი დე ვინდტი წერს, რომ სასტუმრო ქალაქის ევროპული ელიტის შეხვედრების საყვარელი ადგილია ყოფილა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა მისი შენობა ხელისუფლებას დაუთმო და აღჭურვილობისათვის 20 000 მანეთიც მისცა. ხოლო, ომის დასრულების შემდეგ, სასტუმროს აღდგენა გეგმაში აღარ შედიოდა.1925 წელს სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად, 1950 წელს კი მილიციის სამმართველოს შენობად იქცა. 10 წლის შემდეგ, შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.
ჟურნალისტი ბესიკ ფიფია მის წიგნში „ დიდი ადამიანები საქართველოში“ გვიყვება ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნისა და მისი მეუღლის, ბერგლიოტ ბეხის მოგზაურობაზე საქართველოში. ისინი სხვისი საბუთებითა და სახელებით მოგზაურობდნენ, სწორედ ამ მიზეზით, ცნობილ მწერალს საქართველოში განსაკუთრებულად არ დახვდნენ. მათ მოგზაურობაში სამი კვირა დაჰყეს.
ჰამსუნი თავის წიგნში „ მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში“, რომელიც 1903 წელს გამოიცა, წერს, რომ ქვეყნის მრავალფეროვნებით განცვიფრებულია. „ტფილისს ვუახლოვდებით. გზა მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს… აი ისიც — ტფილისი, ქალაქი, რომელიც ბევრმა რუსმა პოეტმა და მწერალმა მოიხსენია ლექსებსა თუ რომანებში. უეცრად ვახალგაზრდავდები, აქეთ–იქით ვიყურები და მესმის, როგორ მიძგერს გული. რაღაც ამდაგვარი ერთხელ უკვე გამოვცადე, როდესაც პირველად უნდა მომესმინა გეორგ ბრანდესის ლექცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. თავსხმა წვიმაში ქუჩაში უზომოდ დიდხანს ვიდექით დაკეტილი კარის წინ. და აი, ისიც გაიღო…და უეცრად დუმილი ჩამოწვა, მკვდრული სიჩუმე გამეფდა, საკუთარი გულისცემა მესმოდა. როგორც იქნა, ბრანდესი კათედრაზე ავიდა…
მწერალი მეტაფორულად იმასაც კი ამბობს, რომ შეცდომა იყო მტკვრის წყლის დალევა, რადგან ვინც ეს გააკეთა, შემდეგ მუდამ კავკასიაზე ფიქრობდა. წიგნიდანვე ვიგებთ, რომ ის და მისი მეუღლე სასტუმრო „ლონდონში“ დაბინავდნენ.“ ჩემი სასტუმრო „ლონდონი“ ვარსკვლავით არის აღნიშნული. „- წერდა ის.
კნუტ ჰამსუნის მოგზაურობიდან ასი წლის შემდეგ, ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა – ბერნ რიუდბორმა და ულე პეტერ ფერლანდმა მიზნად დაისახეს ეპოვათ ის „ზღაპრული სამყარო“ , რომელზეც ჰამსუნი ასე რუდუნებით წერდა საკუთარ წიგნში. ასეც მოხდა, მათ გააკეთეს ჩანაწერები და შემდეგ გამოაქვეყნეს – „ზღაპრულ სამყაროში – ასი წლის შემდეგ“. ერთგან ისინი პარალელს ავლებენ ჰამსუნთან – „ ჩვენ თერგის , არაგვისა და მტკვრის წყლები დავლიეთ და ამიერიდან ყოველთვის გვენდომება უკან დაბრუნება“.
1915 წელს გ.მოსკვიჩის გზამკვლევი „ლონდონს“ კვლავ საუკეთესო სასტუმროთა შორის იხსენიებდა, თუმცა იმ დროს, როცა ეს გზამკვლევი გამოვიდა, სასტუმრო უკვე აღარ არსებობდა.
მისი არსებობის მანძილზე, „ლონდონის“ შესახებ წერდნენ მრავალგან. სასტუმრომ უმასპინძლა უამრავ ცნობილ მწერალს, კომპოზიტორსა თუ მაღალჩინოსანს.
ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი