2020 წელს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებისათვის პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება ჩატარდება. პილოტირება გაზაფხულზე იგეგმება და მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლე ჩაერთვება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში გაივლიან.

არსებული ინფორმაციით, იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. აღსანიშნავია, რომ შეფასების შედეგების სანახავად მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.

„შეფასება განვითარებისათვის“ – ეს არის პროექტი სკოლებისათვის, რომელიც სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება. შედეგები კი დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.

Please follow and like us: