შატილი საქართველოს გამორჩეული სოფელია, იგი საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს, ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნელების.) შემოსევებისგან. დღესდღეობით მთის მოსახლეობა რადიკალურად კლებულობს, მათ რიცხვშია შატილიც. სოფელი თითქმის დაცარიელებულია, თუმცა სკოლა ბავშვების  ნაკლებობის მიუხედავად მაინც ფუნქციონირებს. თბილისი თაიმსი მოგიყვებათ მასწავლებლის ისტორიას, რომელმაც პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“. მიიღო მონაწილეობა. ნატალია კობერიძე უკვე მეოთხე წელია შატილში ცხოვრობს და სკოლის მოსწავლეებს ეხმარება განათლების მიღებაში.

  • დავიწყოთ თავიდან და გავაცნოთ მკითხველს რას ისახავს მიზნად პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“.

პირველ რიგში, მადლობა თქვენ ასეთი ინტერესისთვის. როგორც ყველასთვის ცნობილია საქართველოში მწვავედ დგას რეგიონებში და განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში მასწავლებელთა პრობლემა. სწორედ, ასეთ სკოლებში, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ აგზავნის კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომ სწავლა-სწავლების ხარისხი გაიზარდოს. პროგრამა მუშაობს 2009 წლიდან და შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის შემწეობით ძალიან ბევრი სკოლა გადარჩა დახურვას და ბევრი სოფელი დაცარიელებას. წელს საიუბილეო წელია ჩვენი პროგრამისთვის და მინდა ყველა მის მონაწილეს და ხელმძღვანელს მივულოცო ეს იუბილე და ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება და წინსვლა.

  • რამდენად დიდია დაინტერესება მასწავლებლების მხრიდან ამ პროგრამისადმი?

ვფიქრობ, რომ დაინტერესება დიდია, რადგან ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში ბევრი განცხადება შემოდის. ხდება გადარჩევა და ბოლოს შერჩეული კანდიდატები გასაუბრების და ტრენინგების შემდეგ ნაწილდებიან სკოლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია.

  • რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინათ მიგეღოთ მსგავსს პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. არ დავმალავ და პირველად ეს  იყო  ფინანსური დაინტერესება, რადგან იცით ალბათ, რომ პროგრამის მონაწილეებს გვეძლევა დამატებითი ანაზღაურება, თუმცა, რომ არა ის ლამაზი და სასიამოვნო გარემო, რომელიც შატილში დამხვდა, ალბათ შემდეგ მე აქ არ დავრჩებოდი. მთავარი მიზეზი, ალბათ არის ჩემი ხასიათი. მიყვარს სიახლეები, ახალი გამოწვევები და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა.

  • რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის გარემოსთან შეგუების პროცესი და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყოველივე.

ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო ჩემთვის გარემოსთან შეგუება. აქ ისეთივე ჩვეულებრივი ქართველი ადამიანები ცხოვრობენ, როგორებიც ჩემ მშობლიურ ქალაქში, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით. პრობლემები არსებობს ყველგან, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ამ პრობლემებს გავუმკლავდებით, უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები ვხდებით.

  • თქვენ, როგორც ვიცი, ამ პროექტამდეც ასწავლიდით თბილისის ერთ–ერთ სკოლაში, იქნებ გვესაუბროთ რა მთავარი განმასხვავებელი ფაქტორებია მთის და ბარის მოსწავლეებს შორის.

ამ კითხვას ხშირად მისვამენ და მეც ხშირად მიფიქრია, არის კი განსხვავება. ჩემი აზრით, თითოეულ ბავშვს უნდა მივუდგეთ, როგორც ერთ განსაკუთრებულ ინდივიდს, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ბარს და მთას და დავინახავთ, რომ მათ ერთნაირად უხარიათ და სწყინთ, ერთნაირად გამოხატავენ სიყვარულს და გაბრაზებას. ბავშვს უყვარს, როცა მას სამართლიანად ექცევიან და არ ატყუებენ. ხასიათის ამ თვისებებში განსხვავება ნამდვილად არ არის ბარის და მთის ბავშვებს შორის.

  • რა როლს ასრულებს ზოგადად მასწავლებელი ბავშვის განვითარებაში, განსაკუთრებით კი შატილში და თქვენ, როგორც პედაგოგს დაგჭირდათ თუ არა სწავლების განსხვავებული მეთოდების შემუშავება.

ოჯახის შემდეგ ბავშვის განვითარებაში ალბათ ყველაზე დიდ როლს ასრულებს სკოლა და მასწავლებელი. შატილი, როგორც იცით, საზღვრისპირა პატარა სოფელი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სკოლის არსებობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფელი წლის უმეტეს პერიოდში მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილია. შატილის სკოლა პანსიონური ტიპისაა და ემსახურება შატილი-მუცოს რამდენიმე ოჯახს. რომ არა სკოლა, ეს სოფლებიც დაიცლებოდა.

სკოლაში პროგრამის სამი კონსულტანტ-მასწავლებელი ვასწავლით სხვა ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად და თითოეულს გვიწევს შეთავსებით სხვა საგნის სწავლებაც შესაბამისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. შატილის სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მხოლოდ რვა მოსწავლეა და კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი სირთულეა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასწავლებლისთვის, მაგრამ როგორღაც შევეწყვეთ და არ გვიჭირს ურთიერთობა.

  • როგორც ვიცი, სკოლაში ძალიან ცოტა ბავშვია, რამდენად დიდია მათი დაინტერესება სწავლის მიმართ?

როგორც უკვე ვთქვი, სკოლაში მხოლოდ რვა მოსწავლეა, ექვსი ბიჭი და ორი გოგონა. წარმოიდგინე, რომ შემოდის მასწავლებელი და შენ ყოველდღე იძულებული ხარ უპასუხო მის შეკითხვებს. ალბათ ბავშვებს რომ ჰკითხო, ყველაზე მეტად რას ისურვებენ, გიპასუხებენ, რომ კლასელებს, რომლებიც დაეხმარებიან ცელქობაში, რომელიმე კითხვას მაინც მათ მაგიერ უპასუხებენ , ან მარტო მათ არ მოუწევთ დაფის გასუფთავება და ა. შ. კარგი ბავშვები არიან. სკოლის კურსდამთავრებულები კარგი შედეგებით აბარებენ გამოცდებს. განსაკუთრებით დიდია მათი დაინტერესება სპორტით. ყველა თხოვნაზე მზად არიან დაგეხმარონ.

  • რამდენად რთულია თვეების განმავლობაში იმყოფებოდეთ ჩაკეტილ გარემოში და ვერ ახერხებდეთ კომუნიკაციას ოჯახის წევრებთან.

რთულია რა თქმა უნდა. ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე მხოლოდ ერთხელ, ზამთრის არდადეგებზე ორი კვირით გვიწევს ოჯახებში ჩასვლა. დიდია ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების მონატრება. გზის ჩაკეტვასთან ერთად ზამთარში არის შუქის პრობლემაც. ადგილობრივი ჰესი ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოთხოვნებს. თუმცა წელს უკვე დაიწყო გზის და ახალი ჰესის მშენებლობა და იმედია, წელს თუ არა მომავალი წლიდან მაინც ეს პრობლემები მოგვარდება.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზამთარში შატილში ყოფნა ერთგვარი ეგზოტიკაა. ნაკლები ხმაური, სუფთა გარემო, თოვლით დაფარული მთები, ნადირის კვალი თოვლზე, გემრიელი ხინკალი, ღუმელში შემწვარი კარტოფილი, ცეცხლზე მოდუღებული ყავა და მთის ბალახების ჩაი და თბილი ხალხი.

  • თქვენ უკვე მეოთხე წელია, რაც ამ პროგრამის საშუალებით შატილში ცხოვრობთ, იქნებ გვესაუბროთ თუ რატომ შატილი?

რატომ შატილი?! როდესაც პროგრამაში გასაუბრებაზე მიმიწვიეს, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, თუ იქნებოდა ვაკანსია შატილში, იქ უნდა წავსულიყავი და გამიმართლა. ძალიან მიყვარს მთები. შატილში ოთხწლიან ცხოვრებას მე შევარქი „ჩემი ხევსურული რაფსოდია“. ხშირად, როდესაც შატილის ციხე-კოშკებში დავდივარ, მგონია, რომ ადრე აქ ვცხოვრობდი; წარმოვიდგენ, თუ როგორ სხედან ბანებზე ქალები და ქსოვენ, როგორ თამაშობენ ბავშვები ხის ხმლებით და ვგრძნობ და მინდა, რომ ასეთი დრო დაბრუნდეს შატილში, გაივსოს და გაძლიერდეს სოფელი. მე ამაყი ვარ იმით, რომ მეც მცირედი წვლილი შემაქვს აქაურ ცხოვრებაში და ეს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ დამსახურებაა.

  • ცოტა ხნის წინ თქვენი სკოლა დაიწვა, როგორ მიმდინარეობს ამჟამად სწავლება შატილში?

შატილის სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის გარემონტდა, მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტად ერთ თვეში, 17 ოქტომბერს, დაიწვა. თუმცა, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. სკოლა განთავსდა სოფელ შატილის გამგეობის შენობაში; შემოტანილია ახალი ინვენტარი და ყველა საჭირო ნივთი. საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ შატილში აშენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლა. უამრავი ადამიანი გვიკავშირდება და გამოთქვამს დახმარების სურვილს და მადლობა ამისთვის ყველას.

  • და ბოლოს რა მოგცათ ამ პროექტში მონაწილეობამ?

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა საქართველოს განათლების სისტემაში. მასში მონაწილეობით მე გავიცანი ბევრი საინტერესო და წარმატებული ადამიანი; გავიჩინე ბევრი მეგობარი. ეს არის ჩემი ცხოვრების ოთხი ლამაზი წელი და ვიმედოვნებ, რომ „ჩემი პროგრამული რაფსოდიაც“ კიდევ გაგრძელდება. და ბოლოს, მინდა, ყველა ახალგაზრდას ვუსურვო გონიერება, სამშობლოს და ადამიანების სიყვარული, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და წარმატება.

 

ავტორი: თაკო ღლონტი

Please follow and like us: