ჩვენ ვხედავთ, როგორ იღვრება არაერთი ინფორმაცია მედიასივრციდან, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას და ზიანს აყენებს მას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლება „ციანიდის საქმეში“ ჩართული, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის.
„მე ამაზე ვერ გეტყვით, ადრეც მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი. ძალიან ძნელია იმის თქმა, ვინ იყო დაინტერესებული. ჩვენ უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდა. ვიცით, რომ გაიმართა სასამართლო პროცესი, მაგრამ მაინცდამაინც სასამართლომ დიდი სანდოობა ვერ დაიმსახურა საზოგადოებაში და დატოვა კითხვის ნიშნები და როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება დღის წესრიგში. საერთოდ საკითხი, რომელიც პრობლემურია, უნდა დადგეს ეკლესიის დღის წესრიგში და ის მღდელმთავართა მსჯელობის საგანი უნდა იყოს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იღვრება არაერთი ინფორმაცია მედიასივრციდან, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას და ზიანს აყენებს მას“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.