იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ.

შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს.

„დღეს მოქმედი კანონის თანახმად, განათლების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული ნორმა არ მოიცავს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას. პარლამენტის განათლების კომიტეტში შემოსული განცხადების მიხედვით, N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელმაც წარმატებით ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ იწყებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესს“, – აღნიშნულია პროექტში.

Please follow and like us: