ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც იმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება.

„სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავესწრებოდი და დავაყენებდი საკითხებს. თუმცა, ეს საკითხები არის სინოდზე დასაყენებელი და არა – ასე საჯაროდ. ამის აუცილებლობა და საჭიროება რომ არსებობდეს, ალბათ ვიტყოდი, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ეს არის საკითხები, რომელიც იქ უნდა დავსვათ, იქ უნდა დავაყენოთ, იქ უნდა ვისაუბროთ. სხვა შემთხვევებში არ ვთვლი სწორად ამ თემებზე საუბარს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია და არსებული სირთულეები სავარაუდოდ, აქედან გამომდინარეობს.

„გასაგებია, საზოგადოება საუბრობს და გარკვეულ გავლენებს საზოგადოებაში არსებული დისკუსიები ახდენს, რა თქმა უნდა. ახდენს სასულიერო პირებზე, ახდენს მღვდელმთავრებზეც, მაგრამ რეალურად, ძირეულად, ამ საკითხების განხილვა არ მიმაჩნია სწორად. მაგრამ ზოგადად ალბათ თქვენ თვითონ ხედავთ და იცით, რომ ეს სირთულეები არსებობს და ალბათ, ეს სირთულეები გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქიდან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთავად ცხადია, მისი მოღვაწეობა, მისი შედეგები, მისი გავლენები უკვე აღიბეჭდება არა მარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ ზოგადად, მოსახლეობაზე, მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა და ზოგადად, სახელმწიფოსა და მის პოლიტიკაზე“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მან უპასუხა კითხვაზე, თუ შეიძლება, სინოდის სხდომაზე იყოს დაყენებული მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხები განსახილველად.

„საერთოდ, უცნობია, რა საკითხები იქნება სინოდის წინ. დღის წესრიგს, რომელიც წინდაწინ არსებობს ხოლმე, ვეცნობით მხოლოდ უშუალოდ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს- პატრიარქისგან, იმის კვალდაკვალ, რომელ საკითხს დააყენებს. მანამდე ჩვენთვის უცნობია საერთო საკითხების ნუსხა, თუ რა უნდა გავიაროთ“, – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მეუფე გრიგოლმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მეუფე იაკობის შესახებ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მისი განცხადებების საფუძველზე და როგორ განსჯის მომხდარს ეკლესია.

„ეს უკვე პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, მას საკმარისი კომპეტენცია აქვს. რაც შეეხება ეკლესიას, ეკლესიაში ერთადერთი სამართალი მოქმედებს, ეს არის კანონიკური სამართალი. რას შეეხება მის გადადგომას ქორეპისკოპოსიდან, ამას ალბათ, სინოდი შეაფასებს“, – აღნიშნა მან.

Please follow and like us: