ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ინიციატივა და აღნიშნა, რომ როგორც კი კონკრეტული პირობები ექნებათ ჩამოყალიბებული, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება. მან გამოიჩინა ეს ინიციატივა. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ მოხდება, რა ვადებში და ა.შ. ეს არის ის დეტალები, რომლებზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ იმიტომ, რომ ეს ინიციატივა გაჟღერდა გუშინ, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზად არის, რომ რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე, სისტემური მიდგომა შეკრას და ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს სხვა ბიზნესებთან ერთად.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებითვე, წყალტუბოს საკითხი მთავრობების წინაშე ბოლო 20 წელია, რაც დგას.

“მოხერხდა გარკვეული წერტილოვანი პრივატიზებები, მაგრამ ეს არის ალბათ, მხოლოდ 10% იმ საპრივატიზაციო ობიექტების, რაც იყო გატანილი და იქაც თუ შეხედავთ, ინვესტორები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის ძალიან დიდი ამოცანა. დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული, ბიზნესრისკებთანაც არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ცალკეული ინვესტორები ამას ვერ უმკლავდებიან. ამიტომ, გამოიკვეთა აუცილებლობა ასეთი სისტემური მიდგომის და მძლავრი ინიციატივის, რომელიც ნაწილ რისკებს თავის თავზე აიღებს, შეასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას”, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, წყალტუბოს საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ნათია თურნავას ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცეს.

“დეტალებს ყველაფერს მოგახსენებთ მომავალში, მაგრამ ეს მოხდება კანონთან შესაბამისობაში. აქ მთავარი ის არის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და არა – დავუშვათ ასეთი მცირე დეტალები”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და „მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება“.

Please follow and like us: