საპატრიარქოში მიმდინარე წმინდა სინოდის სხდომას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი არ ესწრება.

მეუფე გრიგოლმა მედიასთან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სხდომაში ვერ მონაწილეობს და აღნიშნა, რომ მისი არყოფნა სინოდის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

„საეკლესიო დებულების თანახმად, წერილობით მივმართე წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და ამ წერილში მივუთითეთ მიზეზი ჩემი არყოფნის. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის სხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში, ერთხელ, როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ, როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია, ეს არის მიზეზი ჩემი არდასწრების“, – განუცხდა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი იმყოფება სტუმრად.

„ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისიდან და ჩვენი სტუმარი ხვალ მიემგზავრება, ამიტომ შესაბამისად, შეუძლებელი იყო ამ ღონისძიების დატოვება. თუმცა, ჩემი არყოფნა ვფიქრობ, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე. ვფიქრობ, სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში“, – განუცხდა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

Please follow and like us: