ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი, –  ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრე ცაავას ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისთვის მორიგი განსაცდელია, „რომელიც ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს“.

„არაერთგზის მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნები როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს ამდენი განსაცდელი რომ გაქვს. ერთმა მითხრა, მეუფე არ მინდა ესეთი სიყვარული და შევეცადე, უფრო გაძლიერებულიყო რწმენაში. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდოს სული.

ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის დასდო სული.
ღმერთს ვთხოვ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, ყოფილი მიტროპოლიტი პასუხობს:

„მთავარია, ჩვენს ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ, უსამართლობას და უწიგნურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ და უსამართლობა სამართლით, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიაში დანიშნულ ახალ მეუფეს, პეტრე ცაავა ამბობს, რომ მას მეუფე გრიგოლი ებრალება.

„ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მას მძიმე ჯვარი შეხვდა. როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო, როდესაც იყო მცდელობა ეპარქიიდან გადავეყვანეთ და ცვლილება უნდა მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქის მდივან რეფერანტი სთავაზობდა ჭყონდიდის ეპარქიას სინოდამდე. აქედან გამომდინარე, არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ის იყო ჩემთან ივნისის თვეში პატრიარქის მიერ, როგორც ოფიციალური წარმომადგენელი და მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე, რომ ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა, მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მე რასაც ვამბობ ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად. ყველაფერი ეს რომ აღმოჩნდეს მართალი, მერე რას იტყვითქო, მახსოვს, ესე რუსულად მიპასუხა – „მამა უნდა დაფარო“ (ნადა პაკრივატ ატცა). კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა, უსამართლობა რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი,”- განაცხადა პეტრე ცაავამ.

საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. სინოდის განჩინების თანახმად, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

Please follow and like us: