საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს. ნინო ლომჯარია მხარდაჭერას უცხადებს პატრიარქს, რომელიც მისივე თქმით, “მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა”. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და მას სუფთა, ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან საერთო არაფერი აქვს.

“არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის.

მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი,” – წერს სახალხო დამცველი.

Please follow and like us: