რა არის საარსებო მინიმუმი და როგორ იანგარიშება ის ერთ სულ მოსახლეზე? საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ადგენენ, რა რაოდენობის თანხა უნდა იყოს სამყოფი ერთი მოქალაქისთვის თვის განმავლობაში. თუმცა, ეს რიცხვი მერყევია და, რაც დრო გადის, იცვლება შესაბამისი რიცხვითი მაჩვენებელი. წლების მანძილზე მიღებული ეს სხვაობა სხვადასხვა მიზეზზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე ესაუბრა.

როგორ და ვის მიერ იანგარიშება საარსებო მინიმუმი საქართველოში?

ჯერ კიდევ 2003 წელს არის მიღებული სპეციალური ბრძანება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და სწორედ მის მიერვე არის დამტკიცებული შესაბამისი მეთოდიკა. ამ მეთოდიკის საფუძველზე ითვლის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. განსაზღვრულია მინიმალური სამომხმარებლო კალათა. ამაში იგულისხმება კვების, დაახლოებით, 40-მდე პროდუქტი. რაც იქნება ამ 40-მდე პროდუქტის მინიმალური სამომხმარებლო ღირებულება, მას მიიჩნევენ 70 პროცენტად, დანარჩენ 30 პროცენტში კი იგულისხმება სხვა, არასასურსათო მომსახურება. ყველაზე გაჭირვებულ ოჯახშიც კი, რეალურად, სურსათის წილი 50 პროცენტია. ზემოხსენებული 70 პროცენტი მიღებული იყო 90-იან წლებში.

დგება საკითხი გადასინჯვის თაობაზე.

რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი?

ბოლო მონაცემებით, ეს რიცხვი, დაახლოებით, 190 ლარს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე, რაც ადამიანისთვის ნამდვილად არ არის სამყოფი. ლოგიკურად, ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს კიდეც. სასურსათო პროდუქტში უნდა გაიზარდოს ცხოველური წარმოების პროდუქტის წილი და შემცირდეს მცენარეული წარმომავლობის წილი. მაგალითისთვის, შეიძლება, კალორიულობა იგივე დარჩეს, თუმცა ერთი და იმავე რაოდენობის კალორიების მიღება შაქრით 16-17-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე – საქონლის ხორცით.

რაზეა დამოკიდებული მისი მერყეობა?

დამოკიდებულია სურსათის ფასებზე, რაზეც ხდება დაკვირვება და იანგარიშება სამომხმარებლო კალათში. თუ კონკრეტული პროდუქტის ფასი გაიზრდება, მის დაანგარიშებაშიც უნდა მოხდეს ცვლილება. ეს ზრდის კალათის ღირებულებას და, საბოლოოდ, მოქმედებს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე.

კალათში შესული 40 პროდუქტის ფასების ცვლილება განსაზღვრავს საარსებო მინიმუმის რიცხვით მაჩვენებელს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: