ალბათ ყველას შეგინიშნავთ ბანერები მეტროსა და ავტობუსებზე ლათინური წარწერით; „Culture is great”, „Education is great” ან სქართველოს სხვადასხვა ქალაქში დიდი ასოებით შედგენილი სიტყვა “GREAT” და ალბათ მის ფონზე ფოტოც კი გადაგიღიათ, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? ეს იყო ერთგვარი ინფორმაციის წყარო ბრიტანეთის პროექტის შესახებ, რომელიც 2019 წელს ტარდება. პროექტი მოიცავს სხვადასხვა სფეროს: კულტურას, განათლებას, ხელოვნებას… ამ პროექტში ჩართულია არაერთი ხელოვნების მოყვარული ადამიანი. პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად „თბილისი თაიმსი“ გაესაუბრა პროექტის ახალგაზრდული ბორდის წევრს—ბაია კვიციანს.

მოგვიყევით ზოგადად პროექტის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას, რომლებიც სამ თვეს გასტანს.2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, სეზონის ფარგლებში ჩატარდება აქტივობები, როგორც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.

სეზონი წარმოაჩენს თანამედროვე, მრავალფეროვან და გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანულ კულტურას, სპორტს, განათლებასა და ბიზნესს. სეზონი ასევე ხაზს უსვამს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას.
სეზონის მიზანია განახლდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა მომავალი  თაობისთვის

ვინ არის ჩართული ამ პროექტში ბრიტანეთისა და საქართველოს მხრიდან, მონაწილეობენ თუ არა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები?

სეზონის ფარგლებში მთავარი აქცენტი კეთდება ბრიტანეთისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე და სეზონის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას. სეზონს ერთობლივად ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო  და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიტანელ და ქართველ პარტნიორებთან, იმისათვის, რომ სეზონი ღირსეულად აღნიშნავდეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს პარტიორობის სიმტკიცეს და ძლიერ მხარეებს.

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგინა ბრიტანეთის მუზეუმის საკუთრებაში არსებულ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა, მონეტა უნიკალურია იმით, რომ ესაა დავითის მეფობის დროს მოჭრილი ერთადერთი მონეტა მისი გამოსახულებით.

როგორც აღვნიშნე, ჩატარდება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორის არიან ბრიტანელი დიჯეი, ნაბიჰა იქბალი, იგივე „Throwing Shade”; “111” ქორეოგრაფიული დუეტი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნების ფორუმი; ინკლუზიური ქორეოგრაფიული კომპანია Candoco-მ და Studio Wayne McGregor წარმოადგინა “Face In”, “Lets Talk about dis” სპექტაკლები და წარმოდგენა 02. ანა მერედიტის შემოქმედების გამოფენა; DePict, რომელიც გახლავთ 90 წუთიანი ფილმების კონკურსი  და ა.შ.

თავად თქვენ რა გაკავშირებთ დიდ ბრიტანეთთან და როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში?

სეზონის პროგრამის ფორმირებისთვის ბრიტანეთის საბჭომ ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ბორდი, რომლის წევრებიც ღია კონკურსის მეშვეობით შეირჩა და დაახლოებით 150 აპლიკანტიდან 10 კანდიდატი შეგვარჩიეს.

ახალგაზრდული ბორდი აქტიურად მონაწილეობს პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში, რათა სეზონი რეალურად ასახავდეს ახალგაზრდების ინტერესებს საქართველოში.

თქვენ ხართ ახლგაზრდული ბორდის წევრი, რაში მდგომარეობს თქვენი საქმიანობა?

ყოველთვიურად იგეგმება საბჭოს შეხვედრები, სადაც განიხილება განვლილი თუ დაგეგმილი ღონისძიებები და ზოგადად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტექნიკური საკითხები. ასევე, მომეცა საშუალება ახალი გამოცდილებების მიღებისა, ვგულისხმობ შემოქმედებითი ინდუსტრიების ახალგაზრდულ ფორუმზე ერთ-ერთი პანელის მოდერატორობას. ყველაზე მთვარაი ფუნქცია, რაც გვევალება ბორდის წევრებს არის ის, რომ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც პროგრამის ელჩებმა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფორმაციის გავრცელებას სეზონთან დაკავშირებით.

სამომავლოდ რა სახის ღონისძიებები იგეგმება პროექტის ფარგლებში?

დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ახორციელებს Startup Grind Georgia-ს. თანამშრომლობის მიზანია სფეროს ბრიტანელი ტალანტების საქართველოს ეკოსისტემაში მოზიდვა და ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ასევე კონსულტაციების სერიების, „ბიზნეს-ანგელოზების“ ინვესტიციების და დიასპორის მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით, ქართულ და ბრიტანულ კომპანიებსა და ხალხს შორის კავშირების ხელშეწყობა.

ასევე მოეწყობა ბიზნეს კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად. ღონისძიების ძირითადი თემა იქნება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და ფინანსების სფეროებში. ბრიტანეთის საბჭო ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების ფესტივალთან ერთად წარმოგიდგენთ პროგრამას PlayUK, რომელიც მიზნად ისახავს კინოინდუსტრიაში პროფესიული უნარების განვითარებას საუკეთესო ბრიტანული ფილმების სქრინინგის თანხლებით. PlayUK-ის პროგრამის მიზანია ეფექტური ტექნიკური, მენეჯმენტის და ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერა ქართული კინოს სექტორში და ბრიტანული კინოსექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ავტორი: სოფო გიორგაძე

Please follow and like us: