ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები კათოლიკოს-პატრიარქს ღია წერილს უგზავნიან, რომელშიც მადლობას უხდიან  საზოგადოების თითოეული წევრის, ქვეყნის, ეკლესიისა და ემიგრაციის წინაშე გაწეული ღვაწლისა და ძალისხმევისთვის. ისინი ასევე ეხმიანებიან პატრიარქის გზავნილს, რომელშიც უწმინდესი უდიდეს პასუხისმგებლობას ქართველ ემიგრანტებს აკისრებს და იწყებენ მოძრაობას  ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის. „თბილისი თაიმსი“ წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენო პატრიარქო, ჩვენო უწმინდესო,

გვიხარია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე გვაქვს საშუალება გამოვხატოთ თქვენ მიმართ უღრმესი პატივისცემა და ჩვენი მხარდაჭერა.

ჩვენ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ვართ. გვინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ დღემდე შთაგონების წყაროა თქვენი პიროვნების მიერ გაწეული ღვაწლი და საქმე, რასაც  ემსახურებით. ჩვენ ვხედავთ ყველაფერს და ვაფასებთ. შორიდან კიდევ უფრო ცხადად ჩანს ყველაფერი. თქვენ ჩვენი სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი, ცალსახად სამაყო ნაწილი ბრძანდებით.

გვინდა გაცნობოთ, რომ თითოეული ქვემოთ ხელის მომწერი ვცდილობთ ამერიკულ საზოგადოებაში საამაყოდ დავამკვიდროთ ქართველის სახელი. ამ საქმეში აქ ჩვენი ერთ-ერთი პირველი და საამაყო არგუმენტი ისტორიასთან ერთად, ჩვენი ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების წარსული და აწმყოა. ეს აწმყო, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ სწორედ, რომ თქვენი დამსახურებაა. მადლობა ათწლეულების განმავლობაში თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის და ემიგრაციის წინაშეც. ეს ყველაფერი ერთი ორგანიზმია და თქვენ სწორედ ამ ერთობას ემსახურებით.

გვინდა ასევე გითხრათ, რომ ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი აქტიური ქრისტიანია, წრფელად სწამთ და სჯერათ შემოქმედის იდეა, რა საქმესაც თქვენ ემსახურებით. ეს ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდი სიყვარულისა და ურთიერთგაგების საბაბია. გეტყვით ასევე, რომ თქვენი ღვაწლის აღიარება ამერიკულ პოლიტიკურ წრეებშიც არ ახალია. მათ ვინც დაინტერესებულან საქართველოთი, ყველამ იცის ქრისტიანული ეკლესიის სიძლიერე საქართველოში და მისი ხელმძღვანელი ძლიერი პიროვნება პატრიარქი ილია მეორე. სწორედ ეს იწვევს რიგ ჯგუფებში ვნებათაღელვებს, სხვადასხვა სიტუაციების სპეკულაციებს და პროვოკაციულ გამოყენებას. იმასაც ვაცნობიერებთ ახლა რატომ შეიძლება განიცდიდეთ ყველაზე დიდ ტკივილს. თუმცა, თქვენ სხვა შვილებიც გყავთ, რომელთაც ძალიან სჭირდებით. თქვენო უწმინდესობავ, გვინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ სულ უფრო მეტი ამერიკელი ინტერესდება საქართველოთი და გულითადი მეგობრები ხდებიან ჩვენი ხალხისა და ქვეყნის. ამერიკელი ხალხის მხრიდან ამ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის დიდი პოტენციალია.

ჩვენო პატრიარქო, საქართველო და ქართული იდეა აქ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის და ფიქრის ნაწილია. დღევანდელი მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება,  შეიძლება ითქვას შთაგონების წყარო გახდა ჩვენთვის. გაცნობებთ, რომ ვიწყებთ მოძრაობას ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის. თქვენი გზავნილი ამერიკაშიც ჩამოგვივიდა, რომ „ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე. ამაში განსაკუთრებული წვლილი ქართველმა ემიგრანტებმა უნდა შეიტანონ. ძალიან დიდი ძალაა ქართული ემიგრაცია და ეს აუცილებლად მოხდება“. დიახ ეს გზავნილი ჩვენთანაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მოძრაობის დასაწყებად. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ არ გვამოძრავებს არც დამარცხებულის კომპლექსები, ჩვენ არ გვამოძრავებს არც ავადმყოფური გამარჯვების ეგოიზმი, ჩვენ გვამოძრავებს საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საამაყო ისტორია და რაც ყველაზე მთავარია ცხადი საამაყო მომავალი. ამ ყველაფერში თქვენ განსაკუთრებული წვლილი გაქვთ, სწორედ ამიტომ გვეამაყებით და გვეიმედებით.

ჩვენო პატრიარქო ამ წერილს ხელს აწერს ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი. ვაცნობიერებთ, რომ ბევრ ადამიანს ექნებოდა სურვილი ამ პათოსის მხარდამჭერი გამხდარიყვნენ, თუმცა მოკლე დროში ამის მოგვარება გართულდებოდა. ამიტომ, მიიღეთ ეს წერილი იმ ადამიანების სახელითაც, ვინც გვერდში დაგვიდგებიან ამ პათოსსა და მომავალ მოძრაობაში. წერილის ხელმოწერას სოციალურ ქსელში მისი გაზიარებით დავადასტურებთ.

დღეგრძელობას, მხნეობას გისურვებთ და გთხოვთ, კიდევ დიდხანს, ერთსულოვნად იმ დიდი სიყვარულით მართოთ ჩვენი ძლიერი ეკლესია და საზოგადოება, რასაც წლებია ემსახურებით.

თქვენს გვერდით გვიგულეთ ამ ბრძოლაში სიკეთისთვის, ადამიანის იდეისთვის.

აშშ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები“

  1. ლუკა დვალი
  2. გვანცა ხულუზაური
  3. მეგი ქურდაძე
  4. თამარა ტორესი
  5. იზოლდა კოხრეიძე
  6. ქეთევან ქორაია
  7. ოთარ ქორაია
  8. ნინო საცერაძე
  9. ნათია კვაჭაძე
  10. გიორგი ტურაშვილი
  11. გიორგი ოქრიაშვილი
  12. გიორგი მიქანაძე
  13. მაიკლი პელიჩიონი
  14. მეგი ქავთარაძე
  15. ნინო ბაქრაძე
  16. ნინო ცქიფაშვილი
  17. ეკატერინე ათანელიშვილი
  18. ეკატერინე ცომაია
  19. ნატო ბახტურიძე
  20. თეა კანდელაკი
  21. ქეთევან ვარდოსანიძე
  22. მერი ლილაური
  23. ნათია მაღრაძე
  24. ნინო კორძაძე
  25. თიკო კოპალეიშვილი
  26. ლალი სიმონიშვილი
  27. გიორგი ნინუა
  28. ალექსანდრა პაიჭაძე
  29. თამარ ფაჩულია
Please follow and like us: