სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ქვემო ბოდბეში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს აღკვთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლოს ტერიტორიაზე დაკავებულის თანასოფლელები იყვნენ შეკრებილი. მათ მოსამართლეს მაჭარაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს, სანაცვლოდ კი, 700-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინეს, რომ თავდებში უდგებიან.

სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ბრალდებულმა.

„ვაღიარებ, განვახორციელე გასროლა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება განზრახული არ მქონია. მათ ჩემს ეზოში მომაყენეს შეურაცხყოფა და ისე დატოვეს ტერიტორია, რომ პასუხი ვერ გავეცი. მოითხოვეს ჩემგან ორი ტომარა ხორბლის შეძენა, რაც შევთავაზე არ მოეწონათ. ჯერ სიტყვიერად დამიპირისპირდნენ, შემდეგ ხელი მკრეს, წავიქეცი. იქვე დადებული ნიჩბით ვცადე თავის დაცვა, ამ დროს მცემეს“, – აღნიშნა ბრალდებულმა პაატა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა 56 წლის კაცმა, 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილია.

კობა თარაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული.

Please follow and like us: