Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც “სილიკონ ველის” ინვესტორებისგან $1.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Entrepreneur საქართველო” ავრცელებს.

Pulsar AI 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში. Pulsar AI ქართული ბაზრისთვის ქმნიდა ტექნოლოგიებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა – ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით.

2018 წელს  Pulsar AI-მ “თიბისი ბანკთან” ერთად, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Payments Awards-ის ნომინაციის გამარჯვებულთა შორის დასახელდა, HSBC-ისა და NuData-ს (“მასტერქარდის” კომპანია) გვერდით. 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო მობილურ ბანკინგად დასახელდა აპლიკაცია, რომელიც Pulsar AI-ის ხმოვან ტექნოლოგიას იყენებს.

წელიწადზე მეტია, რაც Pulsar AI-მა შეცვალა თავისი ბიზნეს მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისიდან გადავიდა SaaS მოდელზე, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისად მიწოდებას გულისხმობს მათ მიერ უკვე შექმნილი ტექნოლოგიებით.

დღეს Pulsar AI-ს უკვე ორი ოფისი აქვს – ერთი თბილისში, მეორე კი სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ). თბილისში ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების გუნდი, კაიფორნიაში კი ბიზნეს გუნდი მუშაობს.

Please follow and like us: