ყოველდღიურად ჩვენ, ადამიანები დამოკიდებულები ვართ იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც გვისწავლია საკუთარ და სხვების ცხოვრებაზე დაყრდნობით. ვენდობით იმას, რაც წაგვიკითხავს, მოგვისმენია ან გვინახავს. თუმცა ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენს ცოდნას ვერაფრით შევუსაბამებთ. ასეთ დროს ჩვენ გვიწევს, რაღაცები ვივარაუდოთ და დაველოდოთ შედეგს.

როგორც წესი, ზოგიერთი ჩვენგანი ამბობს, რომ აქვს ინტუიცია. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ოდნავი ინტუიციაც არ გააჩნიათ. ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია? „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი ესაუბრა.

რა არის ინტუიცია?

ინტუიციას ხშირად მოვიხსენიებთ, როგორც „მეექვსე გრძნობას“ ან „მესამე თვალს“. პირდაპირი მნიშვნელობით ხედვას, ხილვას, ჭვრეტას ნიშნავს. ეს არის ცოდნა ცოდნის გარეშე, რომლის საშუალებით ადამიანსშეუძლია,მიიღოს გადაწყვეტილებები, ამოხსნას ცხოვრებისეული ამოცანები, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები და სხვ.

ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია?

დიახ, ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს და, სხვათაშორის, არაერთგვაროვანი, რადგან არსებობს ინტუიციის ოთხი ფორმა: გრძნობითი, ემოციური, ინტელექტუალური და მისტიკური. ცდომილება ისაა, რომ ზოგი ადამიანი უარყოფს ინტუიციის არსებობას და ცდილობს, მხოლოდ ლოგიკის საშუალებით გადაჭრას „ამოცანები“, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა, თუმცა, ისევე, როგორც ყველაფერს, ინტუიციასაც სჭირდება გავარჯიშება, ცოდნა იმისა, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი ჩვენსასიკეთოდ.

რაში გვეხმარება ან რაში გვიწყობს ხელს ის?

ინტუიცია, უმეტესწილად, არის წამიერი გაელვება ჩვენს გონებაში გარკვეული მოვლენების ასახსნელად, ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც თუ ვერ „დაიჭირე“, ძალიან მალევე გავიწყდება და გახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი უკვე დამდგარია.

ხშირად ძალიან რთულია, ენდო რაღაც განცდას ან გრძნობას, როცა რეალობისგან ძალიან განსხვავდება. ხშირად გაგვიგონია – „ისეთი განცდა მაქვს, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს“, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ ვანიჭებთ. რეალურად, ინტუიცია არასდროს ცდება და სწორედ ესაა მისი უპირატესობა და სარგებელი. ზიანის მოტანა მხოლოდ მასზე უარის თქმას შეუძლია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად ძალიან განვითარებული გონებისა, ადამიანური გონება მაინც ვერ წვდება ბოლომდე სამყაროსა და ღმერთის „ჩანაფიქრებს“.

როგორ უნდა ვმართოთ ეს უნარი?

ინტუიციის მართვა, რეალურად, ძალიან მარტივია. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ საკუთარი თავი, საკუთარი განცდები, დამოკიდებულებები. დავაკვირდეთ ყველა დეტალს და აღმოვაჩინოთ  ინტუიციის ის ნაპერწკალი, რომელსაც თუ სულს შევუბერავთ აუცილებლად აგიზგიზდება და ჩვენს ცხოვრებას სიურპრიზებით აავსებს. აუცილებელია, რომ გამოვიმუშავოთ ემპათიის უნარი, რადგან ის ძალიან გვეხმარება, რომ გავიგოთ სხვა ადამიანის განცდები და ავამუშაოთ სარკისებური ნეირონები, რომელიც ასევე ინტუიციის ბუნებრივი გამოვლინებაა. საკუთარ თავს უნდა მოვუსმინოთ, მოვერიდოთ დაძაბულ სიტუაციებს, უარყოფით ემოციებს და მეტი დრო დავუთმოთ შემოქმედებას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: