გარემოს, მოცემულობების შეცვლა ადამიანებს „გვაიძულებს“, უკვე ნაცნობ სიტუაციაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს. როგორც წესი, ჩვენ ვეგუებით იმ სივრცეს, სადაც ვიმყოფებით და ვერ ვხედავთ იმ მოვლენებს, რომლებსაც ამ სივრციდან მოშორებით დავინახავდით. არცთუ ისე მარტივია, შეიცვალო საცხოვრებელი გარემო – ის კონტური, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდი. თუმცა, ეს არის ის გზა, რეალურად დავინახოთ, სად ვიმყოფებოდით ცოტა ხნის წინ, რა გვიზიდავდა და რას ვერ ვამჩნევდით.

უკვე თითქმის ორი წელია, კესო მთავრიშვილი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საინტერესოა მისი შეხედულებები საკუთარი ქვეყნის შესახებ – უკვე სხვა მოცემულობებიდან. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ის პირადად ესაუბრა.

როგორ ფიქრობ, ძირითადად, რა დეტალებს ვერ ამჩნევს თბილისის ყოველდღიურობაში ქართველი ადამიანი?

ემიგრაციამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, რაზეც საქართველოში ყოფნის პერიოდში არ მიფიქრია ან რასაც ისე მძაფრად არ აღვიქვამდი, როგორც დღეს. არ მეგონა, ჩემი თბილისი და საქართველო იმდენად ლამაზი თუ იყო, როგორადაც ახლა მესახება.

ადამიანები, როგორც წესი, იმას ვერ ვაფასებთ-ხოლმე, რაც გვაქვს. თბილისი არის ურთიერთობა და სიყვარული. საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, უამრავი ნაცნობი თუ მეგობარი გვყავს. ვიცით, რომ თუ დახმარება დაგვჭირდა, შეგვიძლია, მათი იმედი გვქონდეს და თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, უნდა ვუყვარდეთ და გვეხმარებოდნენ. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრ რამეზე მომიწია დაფიქრება და მივხვდი, რომ არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის და თუ ვინმეს ვუყვარვართ, უნდა დავაფასოთ ეს გრძობა და მადლიერი უნდა ვიყოთ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ჩვენთვის თუნდაც ერთ, გულწრფელ ღიმილს იმეტებს.

მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყანაში აღმოჩნდი, ჩვენი დედაქალაქის რა მახასიათევლებზე გაამახვილე ყურადღება?

როცა თბილისზე ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, მახსენდება ჩემი სახლი, ქუჩა და უბანი. მეფიქრება თბილისურ ურთიერთობებზე და თვალწინ წარმომიდგება იტალიური ეზო, სადაც მთელი სამეზობლო შეკრებილა და სადაც ვინმე ნათელა დეიდა მეზობლებს ახალგამომცხვარ ღვეზელებზე ეპატიჟება. ეს ყველაფერი ის არის, რასაც ამერიკაში ვერასოდეს ნახავთ…. ან, შეიძლება, მე არ მინახავს.

შები აზრით, რა მოსწონთ ან რა არ მოსწონთ უცხოელებს თბილისში?

ვფიქრობ, რომ უცხოელებს ყველაზე მეტად თბილისისა და თბილისში მცხოვრები ხალხის სტუმართმოყვარეობა ხიბლავს. ჩვენ გვაქვს ულამაზესი დედაქალაქი, სადაც ერთ დღეში ტურისტს შეუძლია, ნახოს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურით აშენებული უბნები, ასევე – ძველი თბილისი, რომელიც ვიზიტორს თითქოს დროში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მგონია, რომ უცოხელებისთვის გაუგებარია, რატომ არ ვუფრთხილდებით ბუნებას ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. მგონია, რომ მათთვის ასევე გაუგებარია, რატომ აქვთ პრობლემა ხშირად ქვეითსა და მძღოლს, რადგან ქართველი მძღოლების ნაწილი, სამწუხაროდ, „ზებრაზე“ ყოველთვის არ ჩერდება და ქვეითს გზას არ უთმობს.

რა არის ის მიზეზები, რის გამოც საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში გსურს დაბრუნება?

რის გამო მინდა დაბრუნება? ყველა მიზეზის გამო! მე ვიტყვი, რის გამო არ მინდა. მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა და ის, რომ ახალგაზრდებს არ ეძლევათ განვითარების საშუალება იმდენად, რამდენადაც უცხოეთში.

ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს ჩემი ქაოსური თბილისი და საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამერიკამ ბევრი რამ მომცა და ამ ქვეყნის ვალს, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემს გულში პირველ ადგილას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: