მულტიფუნქციური ცენტრი „გალერია თბილისი“ „მაპიკის“ (Mapic) საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორის მოხვდა.

ქალაქის ცენტრის აღდგენის ნომინაციის ფინალში მსოფლიო მასშტაბით სამი სავაჭრო ცენტრია წარმოდგენილი – „გალერია თბილისი“ (საქართველო, თბილისი), Palazzo Corduzio (იტალია, მილანი) და City Plaza (გერმანია, ვუპერტალი).

დაჯილდოება, რომელზეც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთში, კანში გაიმართება.კონკურსანტები როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების, ასევე წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ  მკაცრი კრიტერიუმებით შეფასდებიან. „მაპიკის“ (Mapic) საერთაშორისო დაჯილდოება 13 წევრიანი ჟიურისგან შედგება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორში. ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორებიცაა: Sonaesierra, Sites comerciaux, Benoy, Nike და ა.შ.

„გალერია თბილისის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენა უკვე დიდი წარმატებაა, ვინაიდან Mapic (The international retail property market ) ყველაზე დიდი, საერთაშორისო ღონისძიებაა საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ყოველწიურად საფრანგეთში, კანში ტარდება. „მაპიკის“ ღონისძიება მოიცავს გამოფენას, დაჯილოდებას, კონფერენციას და ფორუმის ფორმატს, რაც საუკეთესო საშუალებაა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ინიციატივით აშენდა და 2017 წლის შემოდგომაზე საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში განახლდა გრიბოედოვის თეატრი და სრულად ახლიდან აშენდა თავისუფალი თეატრი, სადაც ორჯერ გაიზარდა მთავარი დარბაზის ტევადობა. ასევე, მოეწყო 300 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი და განახლდა „თავისუფლების“ მეტროსადგურის შესასვლელი. „გალერია თბილისი“ ერთადერთი სავაჭრო ცენტრია საქართველში, რომელშიც ინტეგრირებულია მაღალი კლასის 78 ნომრიანი სასტუმრო, რაც პოტენციურ ტურისტებს სრული მომსახურების პაკეტის გამოყენების საშუალებას აძლევს.

შვიდსართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი 100-ზე მეტ  სხვადასხვა ბრენდის მაღაზიას, კინოთეატრს, ბოულინგ და ბავშვთა გასართობ ცენტრებს, სერვისისა და კვების ობიექტებს და ორ თეატრს მოიცავს.

პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

Please follow and like us: