31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით თბილისში მეათედ ჩატარდა მოდის სამყაროს მთავარი მოვლენა—Mercedes Benz-ის მოდის კვირეული. 2 ნოემბერს თბილისის ფილარმოანიაში გაიმართა  „დალოოდის“ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება. „დალოოდის“ თემას წარმოადგენდა „ბულინგი“, მათი მიზანი იყო დაემტკიცებინა ხალხისთვის, რომ დასაგმობია ადამიანების წარმომავლობით, მრწამსით თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით გამორჩევა.

როგორც მოგეხსენებათ, სექტემბერში სოციალური ქსელი მოიცვა 23 წლის სომეხი გოგონას, არმინე არუთინიანის ფოტოებმა. მან მილანის მოდის კვირეულზე „გუჩის“ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად. საქმე ის გახლდათ, რომ ხალხის ერთი მხარისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, „გუჩის“ მოდელის რანგში არმინეს ხილვა და ამას ბევრი „ბულინგის“ შემცველი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების მეორე ნაწილმა კი სცადა არმინეს დაცვა. საზოგადოდ, ადამიანის ესთეტიკური გემოვნება ყოველთვის სუბიექტურ ფაქტორამდე დაიყვანება, „გუჩი“ კი ძირითადად ორიენტირებულია არაორდინალური, გამორჩეული გარეგნობის მქონე მოდელებზე, ესთეტიზმის თავისუბურ, ახლებურ გაგებასა და ადამიანის გარეგნობაში კონკრეტული დეტალის აქცენტირებაზე, ადამიანის ინდივიდუალიზმის გამოხატულებაზე, რაც ზოგადად საზოგადოების ფართო მასისთვის გაუგებარი რჩება.

„ბულინგის“ შემცველი კომენტარების საწინააღმდეგოდ მაკა კვიციანის, დალოოდის კრეატიული დირექტორის, თაოსნობით, „დალოოდმა“ არმინე თავისი კოლექციის სახედ აქცია და, Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში, „დალოოდის“ ჩვენება სწორედ მან გახსნა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც უშუალოდ ვერ ესწრებოდა შოუს, ჩვენების პირდაპირი ტრანსლაცია ფილარმონიის დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა, რაც ხელს უწყობდა „დალოოდის“ მთავარი გზავნილის მიწოდებას ადამიანთა ფართო მასისთვის.

მოგეხსენებათ, თავად ბრენდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც, 2001 წლიდან არსებობს. „დალოოდის“ კოლექციები არამარტო მოდის ექსპერტების ყურადღების ცენტრშია, არამედ ამ სფეროში არაპროფესიონალთა ინტერესისა და განხილვის საგანიცაა.

ბრენდმა განსაკუთრებულ პოპულარობას მაკა კვიციანის, როგორც კრეატიული დირექტორის, დროს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობითა და დალოოდის გუნდის ერთობლივი მუშაობით ჩვენება ყოველთვის ატარებს გარკვეულ გზავნილს სხვადასხვა აქტუალურ სოციალურ თემაზე, რაც, ალბათ, ბრენდის წარმატების მთავარ ფაქტორად იქცა და მიიპყრო ისეთი პრესტიჟული ჟურნალის ყურადღება, როგორიცაა „Vogue“.

ავტორი: სოფო გიორგაძე

 

Please follow and like us: