არცთუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს სპორტულ სამყაროში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა – ორმა მორაგბემ, სალომე სირაძემ და თემურ ირემაძემ შექმნა ოჯახი. მორაგბე წყვილს ისტორიაც საინტერესო აღმოაჩნდა და სპორტის ეს სახეობაც ნამდვილად არ ჰყვარებია ერთს მეორეზე ნაკლებ. თუმცა, სალომეს მოუწია, საკუთარ სპორტულ სურვილებზე უარი ეთქვა. ვრცლად მან „,თბილისი თაიმსს“ თავად უამბო.
“ერთმანეთი გავიცანით 2016 წლის მაისში, ერთ-ერთ სპორტდარბაზში. შემდეგ მან მომძებნა სოც. ქსელ facebook-ში, სადაც ვწერდით ერთმანეთს . ცოტახანში მითხრა, რომ მოვწონდი, შემდეგ გაიგო, რომ მორაგბე ვიყავი და ჩათვალე, ისე აღარ მომწონხარ, როგორც მომწონდიო, მაგრამ მეორე დღეს ჩვენს მწვრთნელს, ბ-ნ ტიხონ ხახალეიშვილს დაელაპარაკა და ეხმარებოდა ჩვენს ვვარჯიშში. დაგვყვებოდა თამაშებზე”.

როდის დაინტერესდი რაგბით და რამ განაპირობა ეს?

ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული. სულ მინდოდა, გუნდურ სპორტში გამომეცადა თავი. ერთ დღესაც ქუთაისში შეიქმნა გუნდი, ქალთა რაგბის გუნდი „აია“ და მივედით მე და ჩემი და, როგორც კი გავიგეთ. თავიდან 6 გოგონა ვვარჯიშობდით, მერე ნელ-ნელა მოგვემატნენ წევრები.

გარშემომყოფები როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას?

ოჯახში წინააღმდეგი არავინ იყო, პირიქით, მოეწონათ და ხელს გვიწყობდნენ ყველანაირად.

რა იყო შენი პირველი წარმატება სპორტის ამ სახეობაში?

პირველი წარმატება იყო ბათუმში – მოვიგეთ ქვიშის რაგბი. შემდეგ მოვხვდი ქალთა ეროვნულ ნაკრებში, სადაც მეორე წელს მესამე ადგილზე გავედით. მომდევნო წელს მე უკვე დავასრულე კარიერა – ოჯახი შევქმენი, გოგოებმა კი მოიგეს რაგბი ევროპა.

რამდენად პოპულარულია რაგბი ქალებისთვის დღევანდელ ქართულ რეალობაში?

რაგბი ძალიან პოპულარულია საქართველოში და სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. ქალთა რაგბზე ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე პოპულარულია, როგორც ბიჭებში, თუმცა გოგონებიც მომრავლდნენ და შეიქმნა რამდენიმე გუნდი, რომელიც შიდა ჩემპიონატს აქტიურად თამაშობს.
რა დაბრკოლებებს შეიძლება, წააწყდეს მორაგბე ქალი?

თავიდან ცოტა ისე გვიყურებდნენ ბიჭები – ქალს რა უნდა რაგბში და „ქალი უნდა იყოს კუხნაშიო“, მაგრამ დღეს, მეტწილად, ეს სტერეოტიპი შეიცვალა და ასე აღარ ფიქრობენ.

დღეს თუ ხარ დაკავებული სპორტის ამ სახეობით?

დღეს მე უკვე რაგბს აღარ ვთამაშობ, სამწუხაროდ, თუმცა ძალიან მენატრება და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ისევ, მაგრამ გათხოვების შემდეგ ბავშვი გამიჩნდა და ბავშვის ჯამრთელობის პრობლემის გამო მოგვიწია საფრანგეთში გადმოსვლა. ჩემთვის რაგბი ამით დასრულდა.
“როცა დაქორწინება გადავწყიტეთ, მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ მე კარიერას დავასრულებდი იმიტომ, რომ რთულია, როცა ოჯახს ქმნი, იყო ისეთ სპორტში, როგორიც რაგბია. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა როგორც ნეგატიური კომენტარები, ისე – დადებითი. მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, დადგან ჩემი გადაწყვეტილება სწორად გაიგეს ჩემმა მწვრთნელებმა, გუნდელებმა, მშობლებმა და ა.შ”.

ავტორი:  მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: