ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი დედაქალაქი უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს. თბილისი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ისტორიითა და ულამაზესი ხედებით, როგორც კავკასიის რეგიონში ისე მთელ ევროპაში. თბილისის არქიტექტურა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ქალაქი მდიდარია ანტიკური ნაგებობებით, ციხეებითა და ეკლესიებით, ამ ყველაფერს კი თანამედროვე არქიტექტურის ნამუშევრები ერწყმის. სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება ფოტოები, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის სილამაზეს გვიდასტურებს. დღეს სწორედ, რომ თბილისის ფოტოებზე და მოყვარულ ფოტოგრაფზე ლევან ყიფიანზე ვისაუბრებთ.

ბატონმა ლევანმა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ცოტა ხნით ფოტგრაფიაში პაუზა აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე გააგრძელებს თბილისის ლამაზი ქუჩების ფირზე აღწერას.

„-საერთოდ, მე ვხატავ და ფოტოგრაფია კი იყო შემოქმედებითი პაუზა. სადღაც 2004 წელს დავიწყე და 2014-15 წლამდე აქტიურად ვიღებდი ფირის კამერებით, იშვიათად ციფრულითაც. ეს რამდენიმე წელია (დაახლოებით 4-5 წელი) რაც ხატვას დავუბრუნდი და ფოტოებსაც შევეშვი, უბრალოდ, კამერა დამაქვს ხოლმე ყოველი შემთხვევისათვის, ქალაქგარეთ გასვლისას და ხანდახან ქალაქშიც და თუ ძალიან მომეწონა რამე მაშინ ვიღებ და თანაც ხშირად ჩემს ფოტოებს ჩანახატებად ვიყენებ ნახატებისთვის.

ქუჩებში (და არამარტო ქუჩებში) ფოტოგრაფია ჩემთვის ნადირობასავითაა – რომელიმე ქუჩის მონაკვეთი თუ მომეწონება, ვარჩევ გადასაღებ კუთხეს, რომ კომპოზიციურად გამართული იყოს და ველოდები ქუჩის გამვლელს და თუ ვინმე საინტერესოდ თუ მომეჩვენა – „ჩხაკ“ და ვიღებ (საერთოდ ჩემი ფოტოების 99 პროცენტი მოულოდნელია – ე.წ. პაპარაცული). რაც შეეხება, ამ ფოტოს – უცბად დავინახე ეს ბავშვები რომ უყურებდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ- მაშინვე გადავიღე და აპარატის „გაჩხაკუნება“ რომ გაიგონეს სადარბაზოში შეცვივდნენ.“

ბატონმა ლევანმა 2011 წელს პერსონალური გამოფენა გამართა, იგი 2005 წლიდან ფოტომოყვარულთა კლუბ „ბოკეს“ აქტიური წევრია. მისი 5 ფოტო 2009 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნში „თბილისურ ფოტოალბომში“ დაიბეჭდა. ჩვენ სწორედ იმ 5 ფოტოს გთავაზობთ, რომლებმაც ალბომში მოხვედრა დაიმსახურეს.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Please follow and like us: