4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, – ამის შესახებ  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

„შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით – როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული.

დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.

7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

Please follow and like us: