ყაზბეგი?  ნამდვილად, მთელი წლის ოცნება უნდა აგვსრულებოდა ზაფხულში,  თბილისის სიცხით დაღლილებმა ერთი დღით გრილ ყაზბეგში გადავწყვიტეთ გამგზავრება, თუმცა მანქანა არცერთს გვყავდა, „ავტოსტოპით“ წასვლა კი 7 კაცისთვის ცოტა რთული იქნებოდა, ამიტომ ტურების ძებნა დავიწყეთ, ბევრი გვხვდებოდა იქამდე, სანამ ნამდვილად გადავწყვეტდით ყაზბეგს, თუმცა ერთ დღეში ყველა ტური გაქრა.

ჯუთა?  რატომაც არა, ყაზბეგთან ახლოსაა, თან როგორც ვიცოდი არაერთი ადამიანი მოხიბლა თავისი ბუნებით. ბოლოს და ბოლოს თბილისის ცხელ ამინდებს მაინც დავემშვიდობებით ერთი დღით.

ჩანთა წინა დღეს გავამზადე და სულმოუთქმენლად ველოდები დილის 7 საათს. მიკროავტობუსი დიდუბეში, სამთო ქიმიასთან გველოდება, ვაგვიანებთ, 7 ადამიანი ვსხედვართ ტაქსში,  ერთმანეთს კალთებში ვუზივართ, ზოგი თავს ფანჯარაში ყოფს, ზოგიც მანქანის სახურავს ვარტყავთ თავს და ერთი სული გვაქვს ტაქსი გაჩერდეს. წინ დიდი დღე გველის, ყველანი აღფროთოვანებით ველით მოგზაურობას. თურმე მარტო ჩვენ არ დაგვიგვიანია.

როგორც იქნა, ავტობუსი დაიძრა, შემდეგი გაჩერება-ჯუთა.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს დაბადების დღე ჰქონია, სიმღერა ვუმღერეთ, ყველამ სათითაოდ მიულოცა და მეც გადავწყვიტე, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეც იქნებოდა. სიმღერა მეც მიმღერეს, ბუშტებიც გავბერეთ და ავტობუსში პატარა წვეულება მოვაწყვეთ. ჩემი სახელი ყველამ იცოდა, თუმცა იმ დღეს „იუბილარი“ შემარქვეს: „იუბილარო, საღამოს სიურპრიზი გელის“, „იუბილარო აბა ხომ არ დაიღალე“, „იუბილარო აბა მოდი ფოტო გადავიღოთ“. ვაღიარებ და ვინანე ჩემი ტყუილი.

ჯუთაში ჩასვლამდე გუდაურის პანორამულ ხედთან გავჩერდით, მთები ისეთ თავისუფლებას მანიჭებს, ვერ აღგიწერთ, ჩემი ნება რომ იყოს მთებში ცხოვრებაზე უარს არ ვიტყოდი. რამდენიმე ავტობუსის და საექსკურსიო ჯგუფების მიუხედავად, გარშემო მაინც სიჩუმე სუფევდა, სწორედ ამ სიჩუმის გამო ღირს ხანდახან ყველაფრის მიტოვება და ერთი-ორი დღით მთების დალაშქვრა.

როგორც იქნა ნანატრი ჯუთაც დადგა, ვიცოდით, რომ ფეხით სასიარულო ბევრი იყო, თუმცა მართლაც ძალიან ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ ახალგაზრდები ხართ და საწუწუნო არაფერი გაქვთო, გვითხრეს და გზას გავუდექით. გზაში გაგვიწვიმდა, მაგრამ არ ვნებდებოდით, არც უკან დაბრუნდით და ატალახებული ფეხსაცმლისა და სველი ტანსაცმლის მიუხედავად ჯუთას ჩანჩქერამდეც კი „ავბობღდით“, გზად ცხენებიც ვნახეთ, იმდენად ვიყავი დადებითი ემოციებით დამუხტული, რომ შიშის მიუხედავად მაინც მივედი და მოვეფერე, სამაგიეროდ თვითონ გაგვექცნენ.

ესეთივე ემოციებით გაგრძელდა გზა ჭაუხის ტბამდე, არც ტბამ დაგვტოვა გულცივი, ისეთი სილამაზე და საოცარი ფერების კონტრასტი იყო გარშემო, მწვანე ტბა, მწვანე მთები დ ნისლი, რომელიც ამ სილამაზის დაფარვას ცდილობდა.

უკან დაბრუნებისას ახალი მეგობარიც გავიჩინეთ, ვირი, რომელიც ცხენებისგან განსხვავებით არ შეშინდა და ვაშლიც ძალიან გემრიელად მიირთვა.

გვაფრთხილებდნენ გამოსაცველელი ფეხსაცმელი წამოიღეთო, მაგრამ ვინ დაუჯერა?!  ატალახიანებული, სველი ფეხსაცმლით ავედით ავტობუსში და დაღლილები, თუმცა ულევი დადებითი ემოციით სავსენი თბილისში დავბრუნდით.

ძალიან ღლის ადამიანს გზა, განსაკუთრებით, როდესაც ფეხით 16 კილომეტრი გაქვს გასასვლელი, თან წვიმს და თან გცივა, სამი მოსაცმელი გაცვია, თუმცა არ გშველის, მაგრამ ხვდები, რომ იმ ემოციებთან შედარებით, რასაც მთა, ახალი ხალხის გაცნობა და საქართველოს სილამაზე განიჭებს ეს ყველაფერი უბრალოდ წვრილმნებია.

და ბოლოს, როგორც გამოუცდელმა მოგზაურმა, ჩემმნაირ გამოუცდელ მოგზაურებს მინდა გირჩიოთ, ყოველთვის თან გაიყოლეთ პირველადი დახმარების ყუთი, რაიცით, იქნებ ფეხი ორმოში ჩაგივარდეთ და გაიკაწროთ, ან თქვენმა მეგობარმა ტალახზე ჩასრიალება გადაწყვიტოს.  გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელიც არ დაგრჩეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთაში მიდიხართ, მერე რა რომ თბილისი სიცხისგან იწვის, მთა ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე.

ავტორი: სოფო გიორგაძე

Please follow and like us: