საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე, ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართო ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.

 

Please follow and like us: