ნიჭიერ ადამიანს აქვს უნარი, იზრუნოს იმაზე, როგორ გამოიყვანოს საკუთარი თავი მისთვისვე არასასიამოვნო მდგომარეობიდან. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი მიდგომები, რომ ცხოვრება კომფორტული გახადოს. ჩვენ გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ხედვა, სურვილები… საინტერესოა, რომ ეს პროცესი სხვებისთვისაც ლამაზი და მისაღები გავხადოთ.

კედლის მხატვრობა სათავეს საუკუნეების წინ იღებს – ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანები კონტურების მოხაზვითა და ვიზუალის დაფიქსირებით კონტაქტობდნენ. ქუჩის მხატვრობას დღესაც ის დატვირთვა აქვს, რაც საუკუნეების წინ ჰქონდა – შედგეს კომუნიკაცია. ამ მიმდინარეობის შესახებ უფრო ვრცლად „თბილისი თაიმსს“ მხატვარი ეკა ტყემალაძე ესაუბრა.

როგორ ფიქრობ, რატომ არის საინტერესო ქუჩის მხატვრობა?

ქუჩის მხატვრობა ჩემთვის რამდენიმე ნაწილად იყოფა, ეს არის სათქმელი, კრეატიულობა და სილამაზე. სათქმელში ვგულისხმობ მეტყველ ნამუშევარს ან საინტერესო წარწერებს, ისეთ წარწერას, რომ დაგაფიქრებს რაღაცაში, ან გაგაცინებს… მაშტაბურ პუბლიკაზე თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, რამე პოლიტიკური ან დღევანდელობა უნდა იყოს, რომ ყველა ჩაწვდეს, რა იგულისხმა ავტორმა.

კრეატიულია არტი ჩემთვის, თუ, მაგალითად, დანგრეული კედლისგან რამე საინტერესო ნახატის აგებას შეძლებს ავტორი. დანგრეულ კედელზე ბევრჯერ დამინახავს ფიგურები და მომდომებია მათი შეღებვა და ზემოთ ამოყვანა იმ ფიგურებისა, რასაც მხოლოდ მე ვხედავდი. აი, მაგალითად, ერთხელ ვუყურებ კედელზე ამომტვრეულ ფიგურას და ჩიტი დავინახე. ეგრევე ავიღე საღებავი და შევღებე, ძალიან საყვარელი ჩიტი გამოვიდა, ტოტზე მჯდომი. კრეატიულია ისიც, როდესაც კედელთან ახლოს მყოფ ხეებს, ბუჩქებს, ფანჯრებს იყენებენ ან თუნდაც „შლანგს“. ნივთების გამოყენება ქუჩის ხელოვნებაში ძალიან საინტერესოა ჩემთვის. რაც შეეხება სილამაზეს – უკვე ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მომწონს უშველებელი, ხელით მიუწვდომელი, ლამაზი არტი – რაღაცნაირად სუნთქვა რომ გეკვრება, ისეთი დიდია და ლამაზი.

„უწინ არ იყო ამდენი არტი, როგორც ახლაა და ეს მომწონს. ვერ ვიტან უაზროდ გაფუჭებულ კედლებს „ნათია + გელა= <3“. ასეთი წარწერებისთვის დავაჯარიმებდი ყველა პარაზიტს))). გერმანია ძალიან გამოირჩევა კედლის მხატვრობით, უამრავ ქუჩის არტს ნახავთ – მრავალფეროვანს. ძირითადათ, უყვართ მიტოვებულ ქარხნებზე ხატვა, რაც ძალიან ლამაზია და გამორჩეული“.

დღეს რის გამოხატვა სურთ მხატვრებს ამ მიმდინარეობით?

საქართველოში გვყავს საინტერესო მხატვრები, რომლებსაც თავის სათქმელს არა მარტო ტილოზე, არამედ კედლებზეც გადააქვთ. არ მინდა, მათ მაგივრად ვისაუბრო, მაგრამ, მე რასაც ვხედავ, ამით ისინი საუბრობენ მთლიან საზოგადოებასთან – თითქოს, ხალხის ნაწილის სათქმელს უზიარებენ მეორე ნაწილს, რომლებიც რაღაცაში არ ეთანხმებიან ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არტია, როცა გინდა, გადმოსცე სათქმელი და ყველას შეუძლია ამოცნობა, რა თქვა ავტორმა.

საქართველოში რა დონეზეა ქუჩის მხატვრობა?

საქართველოში ნელ-ნელა დაიწყო ქუჩის მხატვრობის კულტურა, მაგრამ ზოგი ამას არ ეთანხმება და, თავიანთი არაადეკვატური რეაქციის შედეგად, რამდენი არტი გააფუჭეს, რამდენი წაშალეს… ძალიან სამწუხაროა ეს და არასწორი – მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ჰქონდა გათვალისწინებული ყველა ის ნორმა, რომ არ ყოფილიყო ვულგარული და ბავშვებისთვის მიუღებელი. ძირითადათ, ისეთი ადამიანები შლიან კედლის მხატვრობას ან აფუჭებენ მას, ვისაც ჰგონია, რომ თავისი აზრი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი და სწორია, ან, უბრალოდ, პარაზიტია და ყველაფერს ლამაზს ანადგურებს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: