დრო ინარჩუნებს მოვლენებს, ინარჩუნებს პროცესებს ისე, როგორც ის რეალურად იყო. თუმცა, რაც დრო გადის, იცვლება ის გარემო და მოცემულობები, რომლებშიც ეს პროცესებიდა მოვლენები მიმდინარეობდა. რაც უფრო მცირეა ტერიტორია, მით უფრო თვალშისაცემია ყველა ცვლილება. დღევანდელ საუკუნეში წარმოუდგენელია, ადამიანთა თუნდაც დიდი უმრავლესობა მივიდეს ერთ დასკვნამდე, რა ჯობს – შეინარჩუნო ძველი უცვლელად, თუ შეიტანო მასში ახალი და თანამედროვე დეტალები.
თბილისი უძველესი ქალაქია. ჩვენს პატარა დედაქალაქს დღემდე ახასიათებს არქიტექტურული მრავალფეროვნება. როგორც წესი, აქ შენობების რესტავრირების სურვილს უფრო მეტად გამოთქვამენ ხოლმე, ვიდრე – დანგრევისა და ახლის აშენების. უნდა ითქვას, რომ თბილისის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია შენობების ის დიზაინი, რასაც დღევანდელი არქიტექტორები და მშენებლები გვთავაზობენ. ჩვეულებრივ, მათ არ მოსწონთ, რომ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი, ძალიან ბევრ სართულიანი და მინებიანი შენობები აბსოლუტურად არის ამოვარდნილი თბილისისთვის დამახასიათებელი სისადავისა და სიძველისაგან.
შეგვიძლია, ისტორიიდან რამდენიმე პერიოდი გამოვყოთ, რომლის მანძილზეც თბილისური იერსახე მკვეთრად იცვლებოდა და სულ ახალ-ახალ დეტალებს იძენდა. მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე უდიდესი გავლენა ჰქონდა რუსულ არქიტექტურასა და შენობების რუსულ სტილს. ჩვენი დედაქალაქის მშენებლობაში გვიანდელი რუსული კლასიციზმი დომინირებდა. დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი შენობები, რომლებიც თბილისში მდებარეობს, აბსოლუტურად განსხვავებული იერსახით იყო წარმოდგენილი.
ოდნავ მოგვიანებით უკვე მშენებლებისთვის საინტერესო გახდა შენობები, რომლებიც დღეს უკვე ძველი თბილისისა და თბილისის გარეუბნებისთვის არის დამახასიათებელი. ამ პერიოდში აქტუალური ხდება ორ- და სამსართულიანი შენობები, რომლებიც დღევანდელი თბილისისთვის კვლავ მიმზიდველია. ამ პერიოდში სწორედ ეს გახლდათ თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა, რამაც დროს გაუძლო და, რაც დრო გადის, უფროდაუფრო მისაღები ხდება მაცხოვრებლებისთვის.
ამავე საუკუნის მეორე ნახევარი თბილისისთვის, არქიტექტურული თვალსაზრისით, არანაკლებ საინტერესოა. ეს არის პერიოდი, როდესაც დედაქალაი განსხვავებულ არქიტექტურილ ეტაპზე გადადის – იქმნება სავაჭრო ცენტრები, ქარხნები, ფაბრიკები, ბანკები და საცხოვრებელი სახლებიც გაცილებით აკადემიური ვიზუალის მატარებელია. ოდნავ მოგვიანებით, კვლავ მე-19 საუკუნეში კი ე.წ. ქართული სტილი ხდება დომინანტი. საცხოვრებელი სახლებიც და სხვა ტიპის დაწესებულებებიც სწორედ ამ სტილში შენდება, რაც ხაზს უსვამს მათ ქართულობას და დეტალებში არის გატარებული ქართული ისტორიული წვრილმანები, კულტურული მახასიათებლები და ის დეტალები, რომლებიც მხოლოდ საქართველოსა და თბილისისთვის არის დამახასიათებელი.
დღეს, როგორც უკვე აღინიშნა, საკმაოდ ბევრი თბილისელი მიიჩნევს, რომ ამ პატარა ქალაქში აურზაურს იწვევს სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა ფერისა და სიმაღლის შენობის მოთავსება ერთ სივრცეში. საბოლოოდ, ალბათ, მაინც ის ფაქტი იქნება მისასალმებელი, თუკი მოვახერხებთ, შევინარჩუნოთ საკუთარი და განსხვავებული – ანუ ის, რაც გამოგვარჩევს და მიმზიდველს გვხდის.
ავტორი: მარიამ ტიელიძე