-რა ხდება?

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მოგვევლინა, როგორც მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მის გამოჩენას პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა. მშვიდობიანი აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა, რის შემდეგაც აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. აქცია #სირცხვილია 3 თვეზე დიდხანს გაგრძელდა. აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვნდნენ. ასევე ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნას 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტებით ჩატარება წარმოადგენდა. ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტი წარადგინა. მოსმენა 2019 წლის 14 ნოემბერს გაიმართა. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა არ მისცა. საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. მომიტინგეები მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებენ და მოითხოვენ კანონპროექტი ხელახლა განიხილონ.

-რომელი საარჩევნო სისტემა მოქმედებს საქართველოში?

დღეისათვის საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად შერეული – პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. ეს მოდელი თავის დროზე გერმანიის გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან, 77 პარტიული სიით არის არჩეული, 73 კი მაჟორიტარია. პარტიები წარადგენენ, ერთი მხრივ, 150-კაციან პარტიულ სიას და მეორე მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თითოეულ ოლქში

   -რას ნიშნავს პროპორციული სისტემა?

პროპორციული სისტემა პირველად 1889 წელს ბელგიაში გამოიყენეს. ამჟამად პროპორციული საარჩევნო სისტემა 50 სახელმწიფოში გამოიყენება, მათ შორის გერმანიაში, ისრაელში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში.
პროპორციული სისტემის მიხედვით, პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ დაგროვებული ხმების პროპორციულად. გამოდის, რომ ამ სისტების გამოყენებით ვიღებთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს.

     -როგორ ნაწილდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში?

პროპორციული სისტემა შეგვიძლია ჰოლანდიის მაგალითზე განვიხილოთ. ჰოლანდიის პარლამენტი 150 დეპუტატისაგან შედგება. სწორედ 150-ზე იყოფა მიღებული ხმების საერთო რაოდენობა. ჰოლანდიაში უკანასკნელი არჩევნების შედეგი 62.828 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 62 ხმა იყო საჭირო თითო მანდატისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიის 13 მილიონი მოქალაქიდან არჩევნებში მხოლოდ 9 მილიონმა მიიღო მონაწილეობა.

       -რა უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას?

პროპორციული სისტემის უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ უზრუნველყოფილია პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების არჩევა. უფრო კონკრეტულად, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულია. რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს მიიღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მთავრობა ძირითადად კოალიციურია. მაჟორიტარული და შერეულ-მაჟორიტარული სისტემის პირობებში კი თითქმის ყოველთვის ერთპარტიული.
იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ, ქალთა წარმომადგენლობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული ან შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება.
გარდა ამისა, ძალიან მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა; პარტიას შეუძლია პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა; საბოლოო ჯამში კი არჩევნების ეს ფორმა აყალიბებს უფრო მეტად მრავალპარტიულ სისტემას, რადგან პარლამენტში მეტი პარტიაა წარმოდგენილი.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Please follow and like us: