საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არ არსებობდა ინსტიტუტები, რომლებიც უფლებების დაცვა – აღდგენაზე იმუშავებდნენ. რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ადამიანებმა არც კი იცოდნენ, თუ რა ფუნდამენტური უფლებები გააჩნდათ. მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ ამ უფლებებს დაცვა სჭირდებოდათ.

პარალელურ რეჟიმში, საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა. ეს იქცა მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების მოტივად. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოდან წასვლით დაეხმარებოდნენ ოჯახსა და საკუთარ თავს.

ტრეფიკინგი, როგორც პრაქტიკა, პოსტ საბჭოთა ადამიანისთვის (ჰომოსოვიეტიკუს) უცნობი ფენომენი იყო. ამდენად, მოქალაქეები მარტივად ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ამას ემატებოდა ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ქაოსი, რის გამოც საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეიძლებოდა. არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაუწევდა პროცესებს. 90 – იანი წლების მეორე ნახევრიდან უმნიშვნელო განვითარება დაიწყო ადამიანის უფლებების სფერომ. თუმცა, ეს პროცესი იყო რთული. მით უმეტეს, იმ დროისთვის, როცა გაბატონებული იყო კორუფცია და კრიმინალური ჯგუფების წევრები დაუსჯელები იყვნენ.

1996 წლიდან საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტმა დაიწყო ფუნქციონირება. ყველასთვის ცხადი იყო, რომ სისტემა კორუმპირებული იყო, ამიტომაც, ნდობაც ნაკლები იყო. ის კანონები, რომლებიც იმ პერიოდში ძალაში შევიდა, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. რეალურად, მოსახლეობის უსაფრთხოება და დაცვა დღის წესრიგში არ იდგა. ფაქტობრივად, იმ შემთხვევაში, თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოში დაბრუნდებოდა, ის ვერსად იჩივლებდა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები – პოლიცია თუ მესაზღვრეები გარიგებულნი იყვნენ ტრეფიკიორებთან და გარკვეულ სარგებელსაც ნახულობდნენ.

დიდი გავლენა ჰქონდა (და შეიძლება ითქვას, დღესაც აქვს) საქართველოს, როგორც „მომგებიან ადგილას“ მყოფ ქვეყანას. საქართველო ერთი მხრივ წარმოადგენს წყაროს და მეორე მხრივ სატრანზიტო ქვეყანას, საიდანაც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხდება მსხვერპლის გადაყვანა უკრაინიდან, მოლდოვეთიდან და სხვა პოსტ- საბჭოთა ქვეყნებიდან თურქეთსა თუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

2006 წელს, საქართველომ ტრეფიკინგის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ. ანგარიშში შეფასებულია ტრეფიკინგის მდგომარეობა 149 ქვეყანაში. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები დაყოფილია სამ კალათად. პირველ კალათაში ხვდება ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ეფექტიანად ახორციელებენ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პოლიტიკას. მეორე კალათაში ხვდებიან ქვეყნები, სადაც ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები ტარდება, თუმცა დებენ არადამაკმაყოფილებელ შედეგს. ის ქვეყნები, რომლებიც მესამე კალათაში ხვდებიან, ტრეფიკინგის დონის მიხედვით დიდი რისკის ქვეშ არიან. ასეთ ქვეყნებში ტრეფიკინგის პრობლემა მწვავედ დგას და სახელმწიფო არ ატარებს ადეკვატურ პოლიტიკას. მონაცემების მიხედვით, საქართველო პირველ კალათაში მოხვდა და ქვეყანა სრულიად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017-2018 წლისათვის, მის მუშაობას გამოძიების წარმოების და მოწყვლადი მოსახლეობის გამოვლენის კუთხით, და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა ცნობიერების გაზრდისთვის საჭირო კამპანია.
გასული წლების განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა ეროვნული რეფერალური, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები. გაჩნდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები თბილისსა და ბათუმში. გამკაცრდა ტრეფიკიორების მიმართ სასჯელი, რაც ითვალისწინებს 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მნიშვნელოვანია ამ საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა საზოგადოების გათვიცნობიერებას ტრეფიკინგთან დაკავშირებით. ტარდება კამპანიები, ლექციები, შეხვედრები მას-მედიასთან თუ მიზნობრივ ჯგუფებთან. მიუხედავად მიღწევებისა, ტრეფიკინგი მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და აუცილებელია არსებული მიმართულების ეფექტურად გაგრძელება და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ბერკეტების გაძლიერება.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: