ზოგჯერ ჩვენ გვიწევს, საკუთარი თავი დავარწმუნოთ, რომ კონკრეტული ქმედება კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს. ამ დროს ვიჯერებთ იმას, რის დაჯერებაც გვსურს და ველოდებით, რომ მხოლოდ ერთი შედეგით დასრულდება ეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პასიურები ვხდებით და ჩვენი გარემო ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი ყოფილა ცრურწმენის „მსხვერპლი“. ცრურწმენა იმდენნაირი არსებობს, შეუძლებელია, ერთი ადამიანის ცხოვრებაში ერთ მათგანს მაინც არ ეარსებოს. გადის დრო და, ერთი შეხედვით, ჩვენ აღარ ვაქცევთ შესაბამის დეტალებს ყურადღებას. თუმცა, დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებისთვის საკუთარი კეთილდღეობა და მშვიდობიანი დღე ცრურწმენის „მოგერიებაზეა“ დამოკიდებული.
ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად პოპულარულია. მაგალითად, ჩვენ გარშემო დღემდე ძალიან აქტუალურია შავი კატის გადარბენის მოვლენა. ამ დროს ადამიანებს სჯერათ, რომ სწორად უნდა მოიქცნენ, რათა ამ ფაქტმა მათ დღეზე არ იმოქმედოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რიცხვ 13-ს ზედმეტად რადიკალურად ვუყურებთ – ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, ამ რიცხვს თავი აარიდონ და მასთან სიფრთხილე გამოიჩინონ. მათ მიაჩნიათ, რომ წარმატების ნაკლები და აურზაურის დიდი შანსი ექნებათ, თუკი ამ რიცხვთან „ითანამშრომლებენ“, მით უმეტეს, თუკი ეს თარიღი პარასკევ დღეს ემთხვევა.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუკი ადამიანს ხელის გული ექავება და რომელიმე თვალი უთამაშებს. ამას მათთვის პირდაპირი კავშირი აქვს მათსავე გადაწყვეტილებებთან – საერთოდაც, გავიდნენ თუ არა სახლიდან? მათთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ გატეხილ სარკეში არ უნდა ჩაიხედონ – ეს წარუმატებლობის დასაწყისია.
ისიც კია შესაძლებელი, ცრურწმენას ცრურწმენით გავუმკლავდეთ – ბევრ ჩვენგანს სჯერა,
ყველაფერს, რაც მანამდე გაფუჭებულა, უკეთესობისკენ შეცვლის, თუკი ხეზე სამჯერ დააკაკუნებს.
გოგონების გარკვეული ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეს, რა დროს უნდა შეიჭრას თმა, რომ ის სწრაფად და ჯანსაღად გაეზარდოს. ამ მოცემულობის კონტროლისთვის ისინი საკუთარ კალენდარს იდგენენ და სჯერათ, რომ მას უნდა მიჰყვნენ.
განსაკუთრებულად მასშტაბურია ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც ადამიანები მათთვის სასურველ რომელიმე კონკრეტულ ნივთს საკუთარ თილისმად აღიქვამენ. ასეთ დროს მათ სჯერად, რომ ამ ნივთს მათთვის წარმატების მოტანა შეუძლია და გვერდიდან არ იშორებენ.
აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგმა მარიამ ცხვედიანმა უპასუხა.
ზოგადად, როგორ განიმარტება ცრურწმენა?
ცრურწმენა ეს არის რაიმე სახის გავრცელებული მითი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებლად ემორჩილება ადამიანი და აღიარებს მას.
რაში უშლის ის ხელს ადამიანებს?
იგი ხელს უშლის ადამიანს, პრაგმატულად აღიქვას მოვლენები და იყოს თავისუფალი შეთხზული, უსაფუძვლო ამბისგან, ასევე, იყოს უფრო მეტად რაციონალური.
თუ არის შესაძლებელი, ცრურწმენამ დაგვიცვას უსიამოვნებისგან?
იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი დაინტერესებულია ამა თუ იმ ცრურწმენით და მნიშვნელობას ანიჭებს მას მხოლოდ იმიტომ, რომ სჯერა, იგი დაიცავს უსიამოვნებისგან – თუმცა, რეალურად, ეს ასე არ გახლავთ.
როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა ამ გრძნობას თავი?
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებს მსგავსი ცრურწმენების ქონა, საჭიროა ინფორმირებულობის ამაღლება კონკრეტულ ცრურწმენასთან დაკავშირებით და, ასევე, ფსიქოთერაპიაში ჩართვა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე