გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ ამბობს, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია.

„მე არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია “ქართული ოცნების” მიმართ და პირადად ჩემს მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად პროპორციულ სისტემას, მერი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შესაძლოა, არც იცოდეს, რა სისტემაზეა საუბარი და რით განსხვავდება ის არსებული, შერეული სისტემისგან.

„თეორიულად ავიღოთ, რომ სწორია ეს კვლევა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოსახლეობისთვის არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. თვითონ საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ძალიან ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს დეტალურად რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება, არც უნდა იცოდეს, მათთვის არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნეს მოგვარებული და რომელსაც ვაკეთებთ. არ ვეთანხმებით ოპოზიციას, თუ მათ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ, პრობლემა არ ჰქონიათ, ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ”- აცხადებს კალაძე.

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს ქართულ ოცნებას 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა.

Please follow and like us: