კითხვაზე როგორია თქვენთვის ქართული აუდიტორია, ერთ-ერთი რესპოდენტი გულწრფელად გვპასუხობს, ძალიან ხმაურიანიო. რატომ რჩება შემსრულებელს ასეთი შთაბეჭდილება და როგორ იქცევა ქართველი თეატრსა თუ კლასიკურ კონცერტზე?

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით ერთ მაგალითს, რომელსაც თეატრში შევესწარი და მივხვდი, რომ ზოგისთვის კინოსა და თეატრს შორის არანაირი განსხვავება არაა და თავისუფლადაა შესაძლებელი პოპკორნისა თუ სხვა საკვების ჭამა მსახიობების წინ, ისინი იმაზეც კი არ ფიქრობენ თუ როგორი შეურაცხმყოფელია ეს მსახიობისთვის, რომელიც სცენაზე დგას, თავის როლს ასრულებს და ცდილობს, არაფერი შეეშალოს.

ვაღიარებთ, მობილურებმა დიდად გააადვილა ადამიანის ცხოვრება და შეუძლებელი გახადა მათ გარეშე არსებობა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხედავთ მათ საჭიროებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ისინი კლასიკური კონცერტის დროს, როდესაც დარბაზში მხოლოდ მუსიკა ისმის და ამ დროს ვიღაცის ლაპარაკი ემატება, ეს არამარტო შემსრულებლებს, არამედ აუდიტორიასაც აწუხებს.

კლასიკური კონცერტის გადაღება ამიკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე სტატიისთვის ფოტოები მინდა-მეთქი, არ შეიძლებაო, თავიდან გამიკვირდა რა მოხდება ერთი-ორი ფოტო რომ გადავიღო-მეთქი, თუმცა მივხვდი, რომ ამ ერთ-ორ ფოტოს სავსე დარბაზის ერთი-ორი ფოტოც დაემატება და აბა წარმოიდგინეთ, დარბაზში, სადაც ისმის მხოლოდ მოცარტის სიმფონია, სრული სიჩუმე უნდა სუფევდეს და მხოლოდ ორკესტრის ხმა ისმოდეს, ემატება მობილურის „წკაპ“, დავიწყებული „ფლეშლაითი“, თხოვნა „ცოტა გაიწიეთ ვერ ვიღებ“, აუდიტორიის უმრავლესობა, ხომ, ზუსტად ასე მოიქცეოდა, რომ არ აეკრძალათ გადაღება.

და რამდენი მსგავსი შემთხვევა ყოფილა იმ ღონისძიებაზე, რომელსაც თქვენ დაესწარით? კითხვაზე, რატომ ხდება ასე, პასუხი მაინც არ გვაქვს, ყველას ესმის ის ფაქტი, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია, თუმცა ალბათ ბოლომდე არა, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა და რჩევა იქნება, ნაკლებად ისაუბრეთ მობილურზე და უბრალოდ დატკბით იმ სპექტაკლით თუ კონცერტით, რომელზეც იმყოფებით.

ავტორი: სოფო გიორგაძე

Please follow and like us: